ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ასეთია უღირსებო და უღირებულებო ხელისუფლების სახე, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს, მის ბრძოლას გადარჩენისათვის, მისი გმირობის ისტორიას არავითარი ფასი არ აქვს” – ნიკა მელია

“ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ ყველას დუმილს ურჩევდნენ, შემდეგ კი თვითონ “ალაპარაკდნენ”:

“2 დღეა ხელისუფლება თავის ბინძურ და ამორალურ მესიჯბოქსშია ახლართული…

ჯერ ყველას ურჩევდნენ დუმილს, ხოლო შემდეგ თვითონ “ალაპარაკდნენ” და სახე დაკარგეს, ან რა დაკარგეს რაც არც აქვთ და არც ჰქონიათ…
საინტერესოა თვითონ კობახიძე რას გააკეთებდა მსგავს სიტუაციაში, პრივილეგიების, პირადი დაცვისა და სამთავრობო სიკეთეების გარეშე – რამდენიმე მეტრიანი ტალახის ტალღის პირისპირ…

იზრუნებდა თუ არა ვინმეზე საკუთარი თავის გარდა… ცხადია ყველას გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი…

ასეთია უღირსებო და უღირებულებო ხელისუფლების სახე, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს, მის ბრძოლას გადარჩენისათვის, მისი გმირობის ისტორიას – არავითარი ფასი არ აქვს…თუ ეს ისტორიები არ/ვერ ემსახურება პროპაგანდისტულ მიზნებს და მათი ძალაუფლების შენარჩუნებას.

ჩვენ ვიცით გადარჩენილთა ისტორიები, სამწუხაროდ ვერასოდეს გავიგებთ, რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა სწორი რეაგირების შემთხვევაში…” – წერს მელია.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტალახში ამოსვრილი ბავშვი სამი საათი არ იბრძოდა გადარჩენისთვის. მისთვის ასევე “გაუგებარი” აღმოჩნდა, რატომ გადაწყვიტა დავით ჯელაძემ ზურგზე მოკიდებული დიშვილით ტალახში გავლა და მეორე ნაპირზე გადასვლა.

კობახიძის განცხადებას საზოგადოებისგან აგრესია და გაღიზიანება მოყვა.

იტვირთბა....