ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შოვის ტრაგედიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას გახარიას პარტია მხარს არ უჭერს

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძებო კომისიის შექმნას გახარიას პარტია მხარს არ უჭერს – ამის შესახებ “საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება. მისი განმარტებით, ისტერიის მწვავე გაგრძელება იქნება და შედეგს ვერ გამოიღებს:

“ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიაზე საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები და ჯერ კიდევ არ ვიცით გარდაცვლილთა და დაკარგულ პირთა სრული და საბოლოო სია.
ტრაგედიის პირველივე დღიდან ვხედავთ, “ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ტრაგედიის ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის მიზნით გამოყენებას. ახლა ეს კომისიაც იქნება ამ ისტერიის გაგრძელება კიდევ უფრო მწვავე ფორმებში და ვერ უზრუნველყოფს ვერც სიმართლის დადგენას და, რაც მთავარია – ვერც ობიექტურ შეფასებებს.

ჩვენ ამ პოლიტიკურ ფარსში არასდროს მიგვიღია მონაწილეობა და არც ახლა ვაპირებთ.
გარდა მორალური მხარისა, ეს კომისია ახლა პრაგმატულადაც გაუმართლებელია, რადგან ის ვერ მოემსახურება მთავარს – ასეთი ტრაგედიების თავიდან აცილებას.

ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა სადეპუტატო კითხვებით უკვე მივმართეთ მთავრობას ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას აქვს. დაველოდებით ადეკვატურ და ამომწურავ პასუხებს, სხვა შემთხვევაში პროცესი გაცილებით მეტ კითხვას გააჩენს და პასუხების გაცემა ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა ფორმატში მოუწევთ,” – წერს ბუჩუკური.

იტვირთბა....