“ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ ივანიშვილის მიერ “ლაგუნა ვერეს” გაყიდვაზე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ივანიშვილი ფულის მოსახვეჭად ძალაუფლებას იყენებს. მისთვის ასევე საინტერესოა, როგორ მოახერხა ენმ-ს ყოფილმა წევრმა მარიკა ვერულაშვილმა ხანმოკლე პერიოდში მრავალმილიონიანი ქონების დაგროვება და ისტორიული აუზის შესყიდვა:
“აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობა აქტიურ ფაზაში შედის.
ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ფაბრიკის გაყიდვა არის იმის მორიგი დადასტურებაა, რომ ივანიშვილის უმთავრესი ინტერესი არის ძალაუფლების გამოყენება მეტი ფულის მოსახვეჭად.
თბილისელებს არ სჭირდებათ ქალაქში 50 სართულიანი ორი ახალი ცათამბჯენი. ეს პროექტი იქნება კალაძის და ივანიშვილის ხელით თბილისის ურბანული გენოციდის გაგრძელება.
1. ამ ადგილზე კატეგორიულად დაუშვებელია ასეთი მასშტაბის მშენებლობა;
2. მთლიანი ტერიტორია გაიყიდა, მათ შორის ლაგუნა ვერეც, რომლის მიწის ფართობს დიდი ალბათობით კომპანია კოეფიციენტისთვის გამოიყენებს (ანუ მშენებლობის მოცულობის გასაზრდელად) და ისე გადასცემს ქალაქს.
3. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიამ გვაჩვენა რომ კონკრეტულად ეს ტერიტორია ყველაზე მეტად არის პრობლემური უძლიერესი წყალმოვარდნების დროს, რის გამოც რეკომენდირებულია აქ წარსულში არსებული ბუნებრივი ხევის აღდგენა;
4. სატრანსპორტო თვალსაზრისით „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია არის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კვანძი, სადაც მასშტაბური მშენებლობა ძალიან ძვირი დაგვიჯდება თითოეულ ჩვენგანს;
5. 50 სართულიანი ორი ცათამბჯენი უდიდესი დარტყმა იქნება თბილისის ისტორიული ლანდშაფტისთვის, რომელმაც უდიდესი ზიანი მიიღო წინა და მოქმედი ხელისუფლების პირობებში;
6. ცალკე საკითხია რა თანხა გადაიხადა პარლამენტის ყოფილმა წევრმა მარიკა ვერულაშვილმა (ნაციონალური მოძრაობიდან) ამ ტერიტორიის შეძენაში და რამდენად ლეგალურია ამ ფინანსების წარმომავლობა. მის მიერ 2015 წელს შევსებული დეკლარაციას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ სრულიად ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოახერხა ხანმოკლე პერიოდში მრავალმილიონიანი ქონების დაგროვება” – განაცხადა საბა ბუაძემ.