“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის და ახალციხის საკრებულოების 2022 წლის საქმიანობა შეაფასა.
არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე ძირითად პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს:
“გამოვავლინეთ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სავარაუდო კორუფციული გარიგებების, ინტერესთა კონფლიქტებისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის არა ერთი ფაქტი. ეს ადასტურებს, რომ საკრებულოების უმეტესობაში არ არსებობს პოლიტიკური ნება ან/და კომპეტენცია კორუფციის პრევენციის გასაძლიერებლად”, – წერს TI ანგარიშში.
ანგარიშში ერთ-ერთ პრობლემად ანგარიშვალდებულებაა დასახელებული. ქუთაისის მერს და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს 2022 წელს საკრებულოსთვის არ წარუდგენია გაწეული საქმიანობის ანგარიში.
“2020 წელთან შედარებით, 2022 წელს 5 საკრებულოს ჯამური ხარჯი 37%-ით (2 მლნ ლარზე მეტით) გაიზარდა. საკრებულოების ხარჯების ძირითადი წილი (89%) შრომით ანაზღაურებასა და საკრებულოს წევრებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე მოდის (ჯამში, 7,591,630 ლარიდან 6,817,586 ლარი), 2022 წელს გაიზარდა საწვავზე გაწეული ხარჯიც და ჯამურად ხუთ საკრებულოში 462,457 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია ანგარიშში.