ოკუპირებელ აფხაზეთში გალელი გოგონას ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ერთი პირი დააკავეს. როფორც გამოცემა, “ეხო კავკაზა” წერს, ეჭვმიტანილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
მანამდე არაერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოგონას დედა, იამზე აგუმავა არ ადასტურებს.
„ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია“, – წერს აგუმავა სოციალურ ქსელში.
28 წლის ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს დედამისმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი და დახმარებას ითხოვდა აფხაზეთის ლიდერს ასლან ბჟანიას, ომბუდსმენ ანას ქიშმარიას, დეპუტატ ტიმურ შერგელიას და აფხაზეთის მოქალაქეებს.
“დედებო!!!! თუ დღეს უსამართლობას დავუშვებთ, ხვალ გაცილებით მეტი დანაშაული იქნება და ჩვენი შვილების ბედი საფრთხის ქვეშ დადგება“, – წერს ნათია ბახტაძის დედა.
1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ადამიანის უფლებათა კომისარი ანას ქიშმარია ნათია ბახტაძის დედას შეხვდა. ომბუდსმენის თქმით, ის კავშირშია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობასთან, რომელმაც „ნათიას მოსაძებნად გამოიყენა მათ ხელთ არსებული ყველა ძალა და საშუალება“.