ახალი ამბები

აშშ-ს ელჩის განცხადება მანიპულაციაა, ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

პაპუაშვილმა რუსი ტურისტების საქართველოში შემოშვების საკითხთან დეგნანის მიერ გაკეთებულ კომენტარს მანიპულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე.

„გამოვეხმაურები აშშ-ს ელჩის განცხადებას, რომ ხალხის ნებაა, რუსი ტურისტი არ შემოვიდეს არც ზღვით და არც ხმელეთით. მან თქვა ეს და ამის თქმა, 150 აქტივისტის ან თუნდაც 300-500 იყოს, ჩვეულებრივი მანიპულაციაა და ქართველი ხალხის დამოკიდებულებასთან კავშირი არ აქვს.

საერთოდ, უცხოელი დიპლომატების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები არის საკმაოდ სახიფათო გზა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე, მითუმეტეს, უცხოელ მეურვეობას არ საჭიროებს ქართველი ხალხი. ელჩები თუკი ვინმეს წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნის ხალხს და თუკი ვინმეს ინტერესს იცავენ, იცავენ მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და წარმოდგენა არ გახლავთ უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა.

ამიტომ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ცუდი ტენდენციაა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, ეს იქნება ელჩი თუ უცხოელი პოლიტიკოსი ქართველი ხალხის სახელით საუბრის ფაქტები გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. თითქოს ქართველ ხალხს თავად არ ჰყავს წარმომადგენელი და მას სჭირდება უცხოელი დამხმარე იმისთვის, რომ მისი აზრები გააჟღეროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კელი დეგნანის თქმით, „არავინ უნდა ელოდოს, რომ საქართველოში მიესალმებიან იმ ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს, რომელიც აკავებს საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან ეს რამდენიმე თვე გრძელდება. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი სახმელეთო გზით შემოდის თუ ზღვით. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია კონსტიტუციით“.

იტვირთბა....