ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს ყველაფერი “ოცნებამ” მოკლა და უკვე მერამდენედ გადადო მის მიერვე გამოცხადებული ფარსი ტენდერი“ – ხაზარაძე კობახიძეს პასუხობს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს ბრიფინგზე გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს.

ხაზარაძის თქმით, ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, “ქართულმა ოცნებამ” გაძარცვა.

„დღევანდელ, მორიგ ტყუილ განცხადებაზე ანაკლიასთან დაკავშირებით:
ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, “ქართულმა ოცნებამ” გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები. ამით ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო.
ანაკლია გახდა ქვაკუთხედი, რომელი მსოფლიოს ნაწილი იქნება საქართველო. რომ არა ბიძინას “ოცნების” რუსული ინტერესები საქართველოში და მისი რუსული პოლიტიკა, დღეს ანაკლია იქნებოდა საქართველოს, კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში, 20 ათასამდე დასაქმებული ჩვენი მოქალაქით და ახალი დიალოგით აფხაზებთან, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით მიღებული მიზიდულობის ცენტრით, ეკონომიკურად გაძლიერებული ადგილობრივი მოსახლეობით, შეუზღუდავი ახალი შესაძლებლობებით.
ეს ყველაფერი “ოცნებამ” მოკლა და უკვე მერამდენედ გადადო მის მიერვე გამოცხადებული ფარსი ტენდერი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს შევწყვეტ!“, – წერს ის.

შეგახსენებთ, დღეს კობახიძემ თქვა, რომ ანაკლიაში მამუკა ხაზარაძემ ვერცერთი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა.

იტვირთბა....