ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე რამდენიმე საკითხის შესახებ ისაუბრა.

ის შეეხო საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის თემას და ამასთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას.

კობახიძის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა პრემიერ ღარიბაშვილის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა და აქ ყველაფერი კანონის ფარგლებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, წარიმართება.

რაც შეეხება სახ. დეპ. – ის მიერ გამოხატულ პოზიციას, კობახიძის თქმით, თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობისას ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პარტნიორთან კონსულტაციების რეჟიმში ვიქნებით. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს უშლის, არ ვიცი რაზე მიანიშნებს. მთავარია ის, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მეტად რეალიზებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება ჩინეთის ინტერესებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რასაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ახსენებს, თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს. მე არ ვიცი, რა არის მიზეზი, თუმცა ანაკლიის პორტში დღემდე არცერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა. თავის დროზე, როდესაც ეს პროექტი მამუკა ხაზარაძეს ებარა, მან ვერცერთი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა. ახსნადია ის, რომ ამერიკა შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს. ზრუნვა ინვესტიციით გამოიხატება. ამერიკას ამ მიმართულებით არავითარი პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც სამწუხაროა. ჩვენთვის ნებისმიერი ინვესტიცია ძალიან მისასალმებელი იქნებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას გაეცანით აქ.

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხზე ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

იტვირთბა....