ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როცა ჩამოდის რუსი ტურისტი, მას დასდევს და კითხვას უსვამს ჟურნალისტი, ეს პროვოკაციაა” – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღევანდელ ბრიფინზე ჟურნალისტების მიერ რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციასთან დაკავშირებულ კითხვებს გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, ეს პროვოკაციაა.

„ეს იყო პროვოკაცია, როდესაც რუსეთიდან ადამიანი შემოდის, დასდევს ჟურნალისტი კითხვას უსვამს ამ თემაზე, ეს ხო თავისთავად უკვე პროვოკაციაა. სერბეთში რომ ჩავიდნენ მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არაა სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, რაც უთხრეს, იმას იმეორებენ. ეს არის რეალობა, მაგრამ როგორც კი ჟურნალისტი გაეკიდება ამ ადამიანებს, დაუსვამს ამ კითხვებს და მერე ამას აშუქებს ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. ეს არის ნაცმოძრაობის პროვოკაცია, მხოლოდ ის ტელევიზიები აკეთებდნენ ამას, რომელცი ეკუთვნის ნაცმოძრაობას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 20-მდე აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

„1978-ში ვიყავით ბათუმში ბოლოს. ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ, არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ტურისტმა.

„აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ, ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. ვისი ტერიტორიაა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი, არც საქართველო. ოსეთის შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი”, – აღნიშნა კიდევ ერთმა მათგანმა.

იტვირთბა....