ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყველაზე მძიმე არის ის, რომ „უტანკო ანექსიას” წინ მოუძღვის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური დაჯგუფება – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში, ანაკლიაში მოსახლეობას შეხვდნენ.

ვაშაძე სიტყვით გამოსვლისას ბათუმში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას გამოეხმაურა.

„ბათუმში ბოლო დღეების მანძილზე რაც ხდება, ეს არის ბრძოლა ქართული გენის, დამოუკიდებელი, თავისუფალი, პატრიოტი ქართველების ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. 23 დაკავებულიდან 23-ვე არის ქართველი პატრიოტი და გმირი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს რუსულ „უტანკო” ანექსიას. მაგრამ, ყველაზე მძიმე არის ის, რომ ამ ანექსიას წინ მოუძღვის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური დაჯგუფება ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილების სახით. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოღალატეები, ხოლო ის ადამიანები, ვინც დღეს აპროტესტებდა რუსული გემის შემოსვლას, არიან პატრიოტები და მათთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და რუსული ჩექმა არ იქნება საქართველოში. ვერასდროს დააჩოქებენ საქართველოს, სწორედ ამიტომ, შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა” და აი, ეს არის ჩვენი მომავალი!”, – აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 20-მდე აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

იტვირთბა....