ახალი ამბები მთავარი სამართალი

გოგა რაზმაძის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება არ დაიწყო – საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის, საქმეზე გამოძიება არ დაიწყო.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის, საქმეზე. საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილებით, განცხადება განსახილველად იმავე უწყებას გადაეგზავნა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის შესაძლო დანაშაულის ჩადენას უკავშირდება გოგა რაზმაძის მიერ წარდგენილი განცხადება.
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, იმოქმედოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგა რაზმაძის განცხადების საფუძველზე და სრულყოფილად გამოიძიოს განცხადებაში მითითებული ფაქტები.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატში გოგა რაზმაძეს უფლებებს #საია იცავს“, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გოგა რაზმაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 14 ივლისს მიმართა. ის მოითხოვდა, რომ 2023 წლის 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულიყო.

რაზმაძე განცხადებაში წერდა, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში პირადი გასაუბრების დროს, რომელიც უწყვეტად 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, დავით მინდიაშვილმა, მას შეუქმნა მტრული და დამთრგუნველი გარემო, რომელიც, ამავდროულად, შეურაცხმყოფელი იყო.

იტვირთბა....