თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე აბიტურიენტს დამატებით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაუშვებენ – ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ “შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება. აღნიშნული გადაწყვეტილებით აბიტურიენტს მიეცემა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ისარგებლოს განათლების უფლებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გამოცხადდა.