ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა სამართალი

კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტი „მეტრონომთან“: რატომაა რთული უკანონო ჩანაწერების გამავრცელებლის პოვნა

ბოლო დღეებში, უკვე კიბერ-ტერორიზმად ქცეულმა, ფარული და უკანონო პირადი ჩანაწერების გავრცელებამ, საზოგადოებაში დაუცველობის განცდა გააჩინა. მითუმეტეს, რომ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისგან ამ დანაშაულთა უმოკლეს ვადაში გახსნას მოითხოვს, მეორე ნაწილი კი კიბერ კრიმინალში დაუმარცხებელ მტერს ხედავს.

შესაძლებელია თუ არა უკანონო ჩანაწერების გამავრცელებლის პოვნა და რა დრო სჭირდება ამას?  „მეტრონომს“ კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი – დავით შჩოლკა ესაუბრა.

„მეტრონომი“ : რამდენად შესაძლებელია პირადი ცხოვრების უკანონო ჩანაწერების გამავრცელებლის პოვნა და რა დროს მოითხოვს ის?

დავით შჩოლკა: გამავრცელებლის პოვნა შესაძლებელია, მაგრამ ეს ნამდვილად დროს მოითხოვს. ერთი-ორი კვირა შეიძლება ასეთი საქმისთვის ძალიან ცოტა იყოს, რადგან ამგვარ საქმეში არის, როგორც ძალიან ბევრი ტექნიკური, ასევე ფორმალური მხარეც. იგულისხმება პროვაიდერისგან კონკრეტულ IP (კომპიუტერის ინდივიდუალური, პირადი მისამართი) მისამართზე დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა. ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, სპეციალური სამსახურები – სუს-ი, შსს და იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ფლობს ყველა იმ აუცილებელ საშუალებებს, რომლითაც შესაძლებელია დამნაშავის IP მისამართის გამორკვევა, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გამოიყოს ორი  ფაქტორი: პირველი, ის, რომ დადგინდეს IP,  რომლიდანაც აიტვირთვა აღნიშნული ფარული ვიდეოჩანაწერები და მეორე, რომ მოხდეს იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც უშუალოდ ჩაიდინა ეს უკანონო ქმედება.

–  რა შემთხვევაში ვერ ხდება კიბერ დამნაშავის პოვნა?

– IP მისამართის გამორკვევა ტექნიკურად უფრო მარტივად შესაძლებელია, ვიდრე იმის დადგენა, თუ ვინ დგას რეალურად ამ IP მისამართის უკან. როდესაც IP მისამართს დაადგენენ სამართალდამცავები, შემდეგი ეტაპი არის იმის იდენტიფიცირება, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის ეს IP, შემდეგ კი, რომელ ინტერნეტ პროვაიდერს. უმეტეს შემთხვევაში ზუსტად აქ აწყდებიან დიდ პრობლემას, როდესაც IP მისამართი არის რეგისტრირებულ  უცხოეთში რომელიმე ინტერნეტ პროვაიდერზე, რომლისგანაც მონაცემთა გამოთხოვა დაკავშირებულია ძალიან დიდ დროსთან და ფორმალურ მხარეებთან, რაც რეალური შედეგის მომცემი უმეტეს შემთხვევაში არ არის. მეორე დიდი პრობლემა შეიძლება შეექმნათ სამართალდამცავებს მაშინ, როდესაც IP მისამართი ცნობილია, მაგრამ მისი გამოყენება მოხდა საჯარო ადგილას. მაგ: კაფეში, აეროპორტში, რომელიმე პარკში და ა.შ. ასეთ დროს კონკრეტული ადამიანის იდენტიფიცირება ძალიან რთულია, მაგრამ თუ სამართალდამცავებს ექმნებათ ვიდეოს ატვირთვის ზუსტი დრო და სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერი, ამ დროით შედარების პრინციპით შესაძლებელი იქნება სავარაუდო დამნაშავის გამორკვევა, მაგრამ აქაც წარმატების შანსი არ არის მაღალი. დამნაშავის იდენტიფიცირება ყველაზე მარტივია მაშინ, როდესაც დამნაშავე ამ უკანონო ქმედებას ჩაიდენს ყველანაირი შეფარვის გარეშე, საკუთარი სახლიდან, მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ შესაძლებელია პიროვნება იმყოფებოდეს საქართველოში, იყენებდეს საკუთარ ინტერნეტს, მაგრამ სპეციალური ტექნიკური საშუალებებით ფარავდეს ქართულ IP მისამართს და იყენებდეს კვალის ასარევად სულ სხვა ქვეყნის IP-ს, აღნიშნულის გამორკვევის მეთოდები და ტექნიკური საშუალებები არსებობს, მაგრამ  დადგენას სჭირდება დრო.

– რატომ ახსენა რამდენიმე პოლიტიკოსმა, რომ ამგვარი დანაშაულის გახსნას სულ რამდენიმე დღე სჭირდება? როდის ხდება კიბერ-დანაშაულის რამდენიმე დღეში გამოძიება?

– როდესაც საუბარია პოლიტიკოსების მხრიდან იმაზე, რომ აღნიშნული დანაშაული შეიძლება გამოიძიონ სამართალდამცავებმა ორ-სამ  დღეში, ეს შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე თვითონ ჩაბარდება და აღიარებს დანაშაულს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი თუ ტექნიკური ან ფორმალური დაბრკოლებების გარეშე წარიმართება, საჭირო იქნება ყველაზე კარგ შემთხვევაში დაახლოებით ერთიდან ორ თვემდე. ორ-სამ  კვირაში პრაქტიკულად შეუძლებელია ასეთი სახის დანაშაულის გახსნა, მაგრამ მე მივიჩნევ, რომ იმ ტექნიკური და ადამიანური რესურსით, რაც საქართველოს გააჩნია, შესაძლებელია აღნიშნული დანაშაულის გამოძიება გონივრულ ვადებში.

– რა ბერკეტი არსებობს ამგვარი დანაშაულისგან თავდასაცავად და კიბერ სივრცეში პრევენცია თუ არსებობს?

– ასეთი დანაშაულის  პრევენცია თითქმის შეუძლებელია. დღეს XXI საუკუნეში საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნები, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი წინსვლა კიბერ დანაშაულთან ბრძოლაში, ისინიც კი ვერ ახერხებენ კიბერ კრიმინალის პრევენციას, რადგან ინტერნეტი არის თავისუფალი სივრცე და მისი კონტროლი ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, უფრო მეტად გართულდა. მაგრამ საქართველო უფრო მეტად  რთულ სიტუაციაშია, რადგან ჩვენ ფეხს ვერ ვუწყობთ მსოფლიო ტექნოლოგიურ და ინფორმაციული განვითარების სწრაფ ნაბიჯებს, ჩვენ არ გვაქვს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გააკონტროლებს ასეთი ტიპის დანაშაულს. დღეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მოიძებნება მხოლოდ ორი მუხლი, რომლითაც შესაძლებელია კიბერ დამნაშავის დასჯა. ეს მუხლები კი საჭიროებენ განახლებასა და თანამედროვე რეალობაზე მორგებას. სანამ საკანონმდებლო ბაზა არ განახლდება და არ განვითარდება, შეუძლებელია ვისაუბროთ კიბერ-დანაშაულის რაიმე სახით პრევენციაზე.

– თქვენ გულისხმობთ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის, განცხადებას, როცა მან თქვა, ჩვენ არ შეგვიძლია და არ გვაქვს რესურსები ამ დანაშაულის გამოძიების და სხვა სახელმწიფოებს მივმართოთ დახმარებისთვის?

– რაც შეხება ბატონი დავით უსუფაშვილის განცხადებას, ნამდვილად ასეთი სახის დანაშაულის გამოძიება თითქმის შეუძლებელია ტრადიციული მეთოდიკით. ასეთი სახის დანაშაულს სჭირდება სპეციალური ტექნიკური და საგამოძიებო ცოდნის მქონე ადამიანების მუშაობა. ასეთი რესურსი საქართველოს ნამდვილად გააჩნია – აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც აღჭურვილია შსს სპეციალური დეპარტამენტი, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, თავდაცვის სამინისტრო. ასევე  ამ მიმართულებით გადამზადებულები არიან გამომძიებლები, არსებობენ ამ საკითხის ექსპერტები, რომელთა ცოდნაც შესაძლებელია, რომ გამოყენებული იქნეს საგამოძიებო მოქმედებებისთვის. რა რესურსის არქონაზეა საუბარი, ცოტა გაუგებარია და თუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს ინფორმაცია ამ ყველა შესაძლებლობების შესახებ ძალიან ცუდია.

ქართველ სამართალდამცველებს ნამდვილად გააჩნიათ იმის ტექნიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიძიონ, თუ იქნება პოლიტიკური ნება, მაგრამ დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებებს დასჭირდება დრო.

მანა ნოდია

იტვირთბა....