დედაქალაქის მერი კახა კალაძე წყნეთში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დასასვენებელ პავილიონში ელექტროხაზი, რომელმაც 16 წლის დათუნა ჟღენტის სიცოცხლე იმსხვერპლა, თვითნებურად იყო დაერთებული და მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა.
„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი და სიტყვების მოძებნაც კი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს.
პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ფანჩატურში კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ
უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება არის უკანონობა. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, მსგავსი ტიპის სამუშაო აწარმოოს. არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადება გავაკეთო. რასაკვირველია, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში ელექტროხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა – მისი დაერთება მოხდა თვითნებურად.
ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, გარდა რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკისა, არ არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები.
ზოგიერთ მედიასაშუალებაში არასწორი, დამახინჯებული ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს. ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია უადგილო და ძალიან უხერხულია. მოვუწოდებთ და ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ნუ შეუწყობთ ხელს ტყუილების ტირაჟირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ამ ტრაგედიის ფონზე. ნურავინ შეეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას, ამ უბედურების გამოყენებით“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, 10 ივლისს, წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 16 წლის კალათბურთელი დათუნა ჟღენტი დაიღუპა.

