ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ორკესტრირებული თავდასხმა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაზე“ – რედაქცია საგანგებო მიმართვას ავრცელებს

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ სოცოალურ ქსელში ბოლოდროინდელ თავდასხმებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

„სულაკაურის გამომცემლობის“ განცხადება

ბოლო დროს ჩვენი გამომცემლობის მიმართ ღიად პრორუსული ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის კვალდაკვალ, საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა ვიგრძენით.
გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ამაღელვებელი და ემოციური შეტყობინებებისთვის, განცხადებებისა თუ კომენტარებისთვის, რომლებიც გვაძლიერებდა და სიმტკიცეს გვმატებდა ამ რთული დღეების განმავლობაში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენმა მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო თანასწორობის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რომ ამ გზას ჩვენს ერთგულ მკითხველებთან, ავტორებთან, მთარგმნელებთან, ილუსტრატორებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გავდივართ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.
გპირდებით, რომ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნებით, ამბებითა და ისტორიებით მუდამ ვიქნებით იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, რომლებისთვისაც არასდროს გვიღალატია“ , – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი ზემოაღნიშნული გამომცემლობა ლგბტქ+ პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„მიუღებელია ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები, სულაკაურის გამომცემლობაში იყო ასევე, ვფიქრობ, საგანგაშო ფაქტი, ამაზე საზოგადოების რეაქცი იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამომცემლობის დირექტორის, თინა მამულაშვილის აზრით, ეს ყველაფერი იმ ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებაა, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა და ღიად ახალისებს ძალადობას განსხვავებული ადამიანების მისამართით.

„საუბარია „წითელქუდას“ ავტორის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარზე, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ ვთარგმნეთ და გამოვეცით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს მე-17 საუკუნის ზღაპარზე მომიწევდა კომენტარის გაკეთება. გაყიდვაშიც კი აღარ არის ეს წიგნები, ამოყიდულია საერთოდ და თუ მაშინ არ გამოუწვევია ამ წიგნებს მსგავსი კითხვები, ახლა რაშია ხომ საქმე, ალბათ ვიკითხავთ.

რა ლგბტქ პროპაგანდა შეიძლება იყოს მე-17 საუკუნის ზღაპარში? ხომ ვიცით, რომ ესეც რუსული პროპაგანდის მოგონილია, რადგან შეუძლებელია პროპაგანდით ადამიანმა სქესი ან ორიენტაცია შეიცვალოს“, – აღნიშნა მამულაშვილმა.

იტვირთბა....