რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეიარაღებული ძალების, როსგვარდიის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფედერალური დაცვის სამსახურის ნაწილებს მიმართა.
„თქვენ დაიცავით ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური წყობა, სიცოცხლე, უსაფრთხოება და თავისუფლება, ჩვენი სამშობლო არეულობისგან იხსენით, ფაქტობრივად შეაჩერეთ სამოქალაქო ომი“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო დარტყმა დაანონსა.
პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა.
პრიგოჟინი აღნიშნავდა, რომ მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ “სამართლიანობის მარში” იყო. გასულ ორ დღეში ვაგნერის ძალებმა კონტროლი აიღეს დონის როსტოვზე, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
სიტუაციის დეესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა ბელარუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც, იგი ბელარუსში გაემგზავრება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდება. დღეს, 25 ივნისს ვაგნერმა ჯარების რუსეთის სამხრეთ ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებიდან გაყვანა დაიწყო.
ამის შემდეგ პრიგოჟინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი მიზანი ხელისუფლების ცვლილება არ ყოფილა.
ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს – ისინი პასუხს აგებენ.

