ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი გიორგი გაფრინდაშვილს მოუწოდებს…

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ს კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს მოუწოდებს, დაპირისპირების პრევენციისთვის, საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. პრემიერი ასევე მიმართავს რექტორ ვლადიმერ პაპავას, უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების გამჭვირვალობა.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაძაბულობა მატულობს, ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს კანცლერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით.

ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია უმაღლეს სასწავლებლებში მმართველობის პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესკალაციის ფონზე გაჩნდა გარკვეული ეჭვები ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩარევის კუთხით, მინდა, ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა; ასევე, მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთვის ყველასთვის სათაყვანებელი ინსტიტუტი და ცოდნის ტაძარია. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე სახის ძალისხმევა დავაკლოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე გაფრინდაშვილმა თქვა, რომ თანამდებობის მოხსნას არ აპირებს.

თსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგივე კანცლერის, თანამდებობაზე წარდგენილ ერთადერთ კანდიდატურას აპროტესტებენ. ისინი გიორგი გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

იტვირთბა....