ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

როგორ შევაშინოთ შოთაძეები, მურუსიძეები, წულუკიანები, გვენეტაძეები, ბესელიები და კობახიძეები

 

„მხედრიონის“ ეპოქა მაქვს გამოვლილი. კარგად მახსოვს იმდროინდელი მარაზმი, ჯაბას ლობიობა და სტალონეს მიმბაძველი ქართველი წვეროსნები, რეიბანგარჭობილები, ავტომატებით ხელში. 90-იანი წლების ქართველ რემბოებზე წერას არ ვაპირებ. უბრალოდ, საქართველოში სამართლის და ზოგადად, სამართლიანობის განცდა, ჩემთვის ამ დროიდან იწყება.

ნაცნობობის ინსტიტუტით სასამართლო პროცესების ვინმესთვის სასიკეთოდ მოკვარახჭინება, მოსამართლეებზე ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლები… აღარაფერს ვამბობ ფულით მოგვარებულ საქმეებზე, როცა პროკურორები და მოსამართლეები ფულს პირდაპირ იყოფდნენ და სასამართლო ვერდიქტიც ქრთამის მოცულობის ადეკვატურად იწერებოდა.

შევარდნაძის ხანა ამით გამორჩეული იყო. ერთხელ, ერთი საინტერესო პროცესის მომხრეც გახლდით. 4 ახალგაზრდას ავტომანქანის გატაცებისთვის ასამართლებდნენ. ვინც საჭესთან იჯდა, ყველაზე დიდი სასჯელი მიუსაჯეს, დანარჩენებს კი მცირედი – თანამონაწილეობისათვის. არადა, მოსამართლემაც, პროკურორმაც სასამართლო დარბაზში მსხდომებმაც, ყველამ იცოდა, რომ საჭესთან ვინც იჯდა მანქანის ტარება არ იცოდა. ეს იყო უაზროდ დადგმული ნამდვილი სპექტაკლი და იმდროინდელი ქართული სასამართლო სისტემის იდეალური სახე.

სააკაშვილის პერიოდში დაანონსებული სასამართლო რეფორმის უკან პოლიტიზირებული მოსამართლეები სჭარბობდნენ. რეფორმა ინფრასტრუქტურის განვითარებით შეიფუთა. ქრთამის აღების პრეცენდენტებიც ნელ-ნელა გაქრა, მაგრამ იგივე დარჩა მთავარი – სამართლის პოვნის განცდა. პოლიტიზირებული და დაშინებული მოსამართლეების ვერდიქტი პირდაპირ ემთხვეოდა იმ ერთი ვერტიკალის ინტერესებს, სადაც სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები ერთად იყვნენ აგლესილები. ციფრები მოწმობს, რომ მაშინ გამამართლებელი განაჩენები თითქმის არ არსებობდა. ციხეები გაივსო პატიმრებით, რამაც შიდა-წესრიგის დასაცავად „მარჯვე ხელის“ შექმნის აუცილებლობა გააჩინა. „მარჯვე ხელიც“ გაჩნდა და სისტემა აიწყო – გარეთ, სამართალი ხელისუფლების სურვილებისამებრ იფუთებოდა, ხოლო ციხეებში შესული შეფუთული პროდუქტი  მაღლა ნახსენები ვერტიკალის შეკვეთით საწყობდებოდა. „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე საღად მოაზროვნე წევრი, დღეს აღიარებს, რომ ეს იყო ყოფილი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც დასრულდა კიდეც მათი არჩევნებში დამარცხებით.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შედგა სამართლიანად თუ არასამართლიანად, გასამართლებულ დატუსაღებულთა საეჭვო სია, რომლებიც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ. არსებობს ეჭვი, რომ სიის ნაწილის შედგენა ქრთამის აღების ხარჯზე მოხდა და, რომ ფული ხელისუფლების საკმაოდ წონიანმა ფიგურებმა აიღეს.

პარალელურად, უცნაურ ვითარებაში თანამდებობიდან ათავისუფლებენ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც, სასამართლოს სისტემაში არსებულ მანკიერ მხარეებზე, განსხვავებული პოზიციები დააფიქსირა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს მოკლული ბუტა რობაქიძის საქმემ, რომელმაც რაღაც დოზით, გადაიყოლა კიდეც წინა ხელისუფლების პოლიტიკური კარიერა, დღევანდელი ხელისუფლების დროსაც კი ვერ იპოვა სამართალი. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლის რობაქიძის მშობელი, რომელიც აცხადებს, რომ მზადაა, ახალი ხელისუფლების წინააღმდეგაც  იმავე პათოსით გააგრძელოს ბრძოლა ობიექტური შედეგის მისაღებად.

საერთოდ, უუცნაურესია მოსამართლე ლევან მურუსიძის თემაც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, ტრაგიკულად დაღუპული სანდრო გირგვლიანის გახმაურებული პროცესის მოსამართლე იყო. თავის დროზე, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ მიუთითა სასამართლოსა და ხელისუფლების ტენდენციურობაზე. დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მურუსიძის სახეგადახაზული დროშებით მოვიდა ხელისუფლებაში,  აშკარად მფარველობს და ხელს აფარებს მას. უფრო მეტიც, მურუსიძის მოსამართლედ დარჩენას ხმაც კი მისცეს.

25 წელზე მეტია, სასამართლო სისტემის უნდობლობაზე საუბრები არ წყდება. ნებისმიერი ხელისუფლების დროს, მიუხედავად მრავალჯერ დაანონსებული და დეკლარირებული სასამართლო რეფორმისა, მოსახლეობაში არ არსებობს  სასამართლოს მიმართ ნდობა. ნებისმიერ გახმაურებულ საქმეზე არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ რომელიღაც მხარე ტენდენციურია. მსგავსი განცდა იმდენად შესისხლხორცდა ქართულ საზოგადოებაში, რომ ძალიან რთულია შერჩევითი სამართალი განიდევნოს, იმ სასწაულის შემთხვევაშიც კი, თუკი იდეალურთან მიახლოებული სასამართლო სისტემის ჩანასახები გამოჩნდება ჰორიზონტზე.

მაგალითისთვის, მთავარი პროკურორი შოთაძეც საკმარისია. იგი მზადაა შეისწავლოს საქმე ერთი მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც თანაგუნდელმა დეპუტატმა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და არაფერს ამბობს მეორე მინისტრზე, რომელსაც სერიოზული ბრალდება წაუყენა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. ეს არის იდეალური მაგალითი შერჩევითი სამართალისა, რომელსაც ადგილი აქვს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. მითუმეტეს, როცა კანონი ავალდებულებს მას ორივე შემთხვევაში დაიწყოს მოკვლევა. თუკი ასეთი სასწაული მოხდა კიდეც და ეს კონკრეტული საქმეები სასამართლოს გადაეცა, რას შეიძლება ელოდო სასამართლო ხელისუფლებისგან? როგორ ვერდიქტს უნდა ელოდო, როცა გაგახსენდება, რომ სისტემაში ისევ არსებობენ კოლექტიური მურუსიძეები და მათი მხარდამჭერები, რომ სისტემაში არიან მაღლა ნახსენებ ვერტიკალთან მყარად დაკავშირებული პერსონები. ამ ყველაფრის შემდეგ კი, ძალიან რთულია, ნდობით განეწყო მთავარი პროკურორის, ან მოსამართლის მიმართ, მაშინ, როცა საქმე მინისტრების კი არა, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეხება.

ჩემი ქრონოლოგიის გათვალისწინებით, საქართველოში ყოველთვის იქნება განცდა, რომ საქართველოში არასოდეს იარსებებს ობიექტური სასამართლო და პროკურატურა. ევროპული სამართლებრივი სისტემის გადმოკოპირებითაც კი ქართულ მენტალობას არასოდეს დატოვებს პოლიტიკური ვერტიკალი თუ ნაცნობობის ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის გააჩენს ქვეყანაში არაობიექტური მოსამართლის, თუ ტენდენციური პროკურორის არსებობის განცდას.

არსებობს თუ არა გამოსავალი, რეცეპტი იმისა, რომ ორი წაკინკლავებული ადამიანის მიმართ, ვიღაც ჩადგება შუაში ისე, რომ სამართლებრივი ვერდიქტის გამოტანისას არავის მიმართ იყოს ტენდენციური? მთავარი კი ის არის, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, არც ერთ მხარეს არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ რომელიღაც მხარე არაობიექტური იყო.

ჩვენ გვჭირდება უცხოელი ექსპერტები, ნეიტრალური პერსონები, რომლებიც არ იქნებიან მიკერძოებულები და პოლიტიკურად მოტივირებულები. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ქვეყანა გამოვიდეს სამართლებრივ სისტემაში არსებული ჩიხიდან.

საქართველოში ინვესტიციების რაოდენობამაც იკლო. ამის ერთ-ერთი და საკმაოდ სერიოზული მიზეზი სწორედ ის არის, რომ არ არსებობს ნდობა სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ, სისხლის სამართლის მიმართულებით სასამართლოს ხელისუფლება არის სრულიად მოტივირებული პოლიტიკურად და არის სერიოზული საუბრები უკვე კორუფციულ გარიგებებზეც. ინვესტორს ყველანაირი ინფორმაცია აქვს. მისი პირდაპირი მოვალეობაა ინვესტიციების განხორციელებამდე მიიღოს ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში, ღირს თუ არა ფულის დაბანდება და ქვეყანა დგება დილემის წინაშე მაშინ, როცა ინვესტორი ინფორმირებული ხდება იმ ქრონოლოგიის შესახებ, რომელიც მაღლა თანმიმდევრობით მაქვს აღწერილი.

გამოსავალი ერთია – საქართველოში უნდა მოვიწვიოთ ყველაზე სანდო იურისტები, საერთაშორისო სისხლის სამართლის სპეციალისტები, რომლებიც გახდებიან ჩვენი  სასამართლოს რეკომენდატორები, უფრო მეტიც, მათ უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღონ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. საერთაშორისო სამართლის ექსპერტები უნდა გახდნენ ქართული მართლმსაჯულების მეინსტრიმები, რომ გაჩნდეს ნდობა, როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ ყველაფრის შემდეგ გაჩნდება „შიში“ შოთაძეებში, მურუსიძეებში, წულუკიანებში, გვენეტაძეებში, ბესელიებში და კობახიძეებში, რომ ძველი, ამყაყებული მეთოდით ფონს გასვლა ვეღარ მოხდება, რომ ვერტიკალში მოკალათებული ნებისმიერი პოლიტიკური პერსონა ლუსტრირებული იქნება და პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე.

გენო ჯოხიძე

 

 

 

 

 

იტვირთბა....