დღეს 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო.
მიზეზად მოსამართლეთა კოლეგის წევრის, ლია ორკოდაშვილის პენსიაზე გასვლა დასახელდა.
„ტვ პირველმა“ ორკოდაშვილისგან ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო.
„უვადოდ დანიშნული მოსამართლე ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უვადოდ ინიშნები რა თვალსაზრისით, იცით? სიცოცხლის ბოლომდე. მქონდა თუ არა მანდ მცდელობა, რომ დამემთავრებინა ჩემს წარმოებაში არსებული საქმეები, სიმართლე გითხრათ, მე პირიქით, ძალიან გამიხარდებოდა. იმას, რომ მე მომეთხოვა ან მეთქვა, აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ კანონში არის, როგორც მოგახსენეთ, პირდაპირ ჩანაწერი, რომ 65 წლის რომ ხდები, უფლებამოსილება ჩერდება. სათადარიგო თუ შემთხვევით იქნება, გაგრძელდება, თუ არა, მაშინ თავიდან დაიწყება. მესამე მოსამართლე, ალბათ, ის იქნება, ვისაც მოუწევს ელექტრობული წესით, არ ვიცი. ის ორი მოსამართლე, სხვათაშორის, ვინც ჩემს გარდა მონაწილეობდნენ ამ საქმეში, ნამდვილად პატივისცემას იმსახურებენ და კარგი იქნება, მესამე მოსამართლეც თუ სამართლიანი დაინიშნება და პრინციპული, რაც მთავარია. მოკლედ, აი, ასეთი გადაწყვეტილება ისევ ძალაშია და ამან გამოიწვია ის, რომ მე 65 წლის წამოვედი სახლში მაშინ, როცა შემეძლო, რომ არაერთი რთული და ურთულესი საქმე განმეხილა“, – განაცხადა მან აღნიშნულ მედიასთან.
„ტვ პირველმა“ ორკოდაშვილს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან განაჩენის შესაძლო დაკვეთაზეც ჰკითხა.
„მე არაფერს გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ ახლა, 5 წელი, ფიქრობ, 65 თუ 70. თუ გინდა, რომ უარუყოფითი პასუხი მიიღო ანუ 65 ძალაში დატოვო, გამოაცხადე, ბატონო, მაგრამ გამოდის, რომ არა . არ გამოვრიცხავ. მე ადვოკატებიც მეხუმრებოდნენ, რომ ქალბატონო ლია, თქვენნაირი პრინციპული მოსამართლე ალბათ აღარ არის საჭირო რომ იყოს სასამართლო სისტემაშიო… ჩემდა სამწუხაროდ“, – თქვა მან.
წყარო: „ტვ პირველი“