ბაქოს გლობალური ფორუმის გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დისკუსიაში „მსოფლიო დღეს – როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს” მონაწილეობა მიიღო. მარგველაშვილმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
“ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს რუსეთი ახორციელებს არის საგანგაშო სიგნალი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. საქართველო რუსეთს ასეთ საქციელს აღიქვამს როგორც რეგიონში დესტაბილიზაციის სურვილს, რომლის მსხვერპლი საქართველო გახდა. ამ რთულ ვითარებაში საქართველო ცდილობს მოკავშირეების გაზრდას და სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცებას. ჩვენ ვეძებთ მეგობრებს, რომლებიც სტაბილურობით არიან დაინტერესებულნი. ვცდილობთ რეგიონში მშვიდობიან თანაარსებობას. მეორეს მხრივ, რეგიონში ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, მაგალითად აბრეშუმის გზის პროექტი, რომელშიც საქართველოს მონაწილეობს და ქმნის შესაძლებლობას დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს დაუკავშიროს. ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობას. ასევე მის უმთავრეს ამოცანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.