უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ სატელეფონო ჩანაწერები მოიპოვეს, რომელიც რუსეთის დივერსიული ჯგუფების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ამტკიცებს.
“დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში“ – აღნიშნეს უწყებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოპოვებული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს.
ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰიდროელექტროსადგური ბირთვულ რეაქტორს აგრილებს, მეორე კი პასუხობს, რომ უკრაინელებმა ეს საკუთარ თავს გაუკეთეს – “აფეთქდება და ეგაა“, ამაზე თანამოსაუბრე პასუხობს, “ჩვენმა ბიჭებმა გააკეთეს ეს, მათ არ გაუკეთებიათ. მათ არ აუფეთქებიათ. ჩვენი დივერსიული ჯგუფია იქ. ამ კაშხლით შიშის გამოწვევა სურდათ. გეგმის მიხედვით არ წავიდა, მეტი მოხდა, ვიდრე დაგეგმეს“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.