„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ენერგეტიკის სამინისტროს კრიმინალური ავტორიტეტისგან 1 100 000 დოლარის მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ განაცხადა.
“კონკრეტული შეკითხვები მაქვს ვიცე-პრემიერთან – მაქვს კონკრეტული დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარი, მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე. გარანტორი არის სწორედ ვიცე-პრემიერის პირადი ფირმა კალა კაპიტალი”, – განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ დავით ქარსელაძე არის ცნობილი კრიმინალი, მეტსახელად კალატოზა.
“ის შევარდნაძის დროს ფლობდა და „არეკეტებდა” სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისში, ასევე უმეტეს რაიონებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ის ძებნილის სტატუსით იმყოფებოდა, მშვიდად დააბიჯებდა რუსთაველის გამზირზე, სადაც ერთ-ერთ ბანკს არეკეტებდა და სარგებლობდა უმაღლესი მფარველობით. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მისი “მოღვაწეობა” აღიკვეთა, მან სასჯელი მოიხადა და შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში, დღეს კი სოჭში ცხოვრობს”. – ამბობს გივი თარგამაძე.