ჟურნალისტი „მეტრონომთან “ აცხადებს, რომ „საზმაუში“ აღმასრულებელი საბჭოს ფუნქციას ვერ ხედავს
ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინააღმდეგ სარჩელს წარადგენს.
როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციაში” აცხადებენ, სარჩელით მოთხოვნილია ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ ,,პირველი სტუდიის” გაუქმების შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობა, ეკა მიშველაძის სამსახურში აღდგენა და სხვა თანმდევი მოთხოვნები.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი” ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალურ საფუძვლად „შრომის კოდექსის” 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო” ქვეპუნქტს (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) მიუთითებს. ამგვარ გარემოებად ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” ,,პირველი სტუდიის” დახურვასა და ახალი გადაცემის ეთერში გაშვების არამიზანშეწონილად მიჩნევას ასახელებს. იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ არ ასაბუთებს ,,პირველი სტუდიის” დახურვის კანონიერებას, ხოლო ახალი გადაცემის გაშვების მიზანშეუწონლად მიჩნევა ასევე დაუსაბუთებელ და არადამაჯერებელ არგუმენტებს ემყარება, კიდევ უფრო ღრმავდება საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები, რომ ადგილი აქვს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” სარედაქციო პოლიტიკაში არაჯანსაღ ჩარევას”, – აცხადებენ საიაში.
“მეტრონომთან” საუბარში ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტროს გიორგი ბარათაშვილის მთავარ არგუმენტზე, რომ აღმასრულებელმა საბჭომ დაიწუნა მიშველაძის ახალი პროექტი, ჟურნალისტი პასუხობს, რომ ის პროექტი მას არ დაუწერია, მეტიც, თავად ბარათაშვილმა შესთავაზა საზოგადოებრივი გადაცემის გაკეთება პოლიტიკოსების გარეშე.
“აღმასრულებელი საბჭო, როგორც გენერალური დირექტორის სათათბირო-საკოორდინაციო ორგანო, არ ვიცი საერთოდ რა არის. თქვენ თუ გამირკვევთ მადლობელი დავრჩები.” – აცხადებს მიშველაძე “მეტრონომთან” საუბრისას.