ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა თქვა დავით უსუფაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომამდე

 

„ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორპარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე, შეთანხმებაზე. ეს სრულიად ბინებრივი ამბავია“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე მინდა ყველას მივმართო და მოვუწოდო ცოტა უფრო სიღრმისეული და მშვიდი მსჯელობისკენ, რომ მომავალ არჩევნებში კოალიცია რა კონფიგურაციით წარსდგება, ეს არის მომავლის საქმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხზე მსჯელობისას დღეს კოალიციას რაიმე საფრთხე უნდა დაემუქროს, იმიტომ, რომ  ჩვენ პასუხისმგებლობა 4 წლით გვაქვს აღებული. ჩვენ ვმართავთ სახელმწიფოს და არა საკუთარ თავს“- განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „რესპუბლიკელებსა’’ და ქართულ ოცნებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე და განმარტა, რომ საუბარია არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე.

„ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე, შეთანხმებაზე. ეს სრულიად ბუნებრივი ამბავია, იმიტომ, რომ მომავალ კოალიციურ ურთიერთობებში რა თქმა უნდა, ჩვენთვის, „რესპუბლიკელებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, გვაქვს თუ არა ურთიერთგაგება კოალიციის მთავარ წამყვან პოლიტიკურ ძალასთან, პარტია „ქართულ ოცნებასთან“. აბა პირიქით ხომ არ დავიწყებდით პროცესს, რომ ჯერ ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს „კონსერვატორებს“ შევუთანხმდეთ პარტნიორობაზე და მერე ერთად მივადგეთ „ქართულ ოცნებას“. ეს არ იქნებოდა სწორი, ამიტომ, ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯები, რაც გადასადგმელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანებში ჩვენ ამის თაობაზე გვექნება სიცხადე, რომელიც კოალიციას, ქვეყანას, პარტიებს და ყველას სჭირდება,“- განაცხადა უსუფაშვილმა.

ის მიმართავს მათ, ვინც ამ თემაზე ზედმეტად ნერვიულობს და ურჩევს, რომ ძალა და ღონე მოიკრიბონ, რადგან ხვალ და ზეგ მათ ამ თვალსაზრისით შესაძლოა მეტი სანერვიულო  გაუჩნდეთ.

„მეტი თემები იქნება განხილული, შეჯერებული, პოზიციები გამოხატული და ეს არის ნორმალური, მრავალპარტიული ცხოვრება. ჩვენ ერთი მხრივ ვასრულებთ ერთად ყოფნის ერთ ეტაპს, კოალიციური ცხოვრების ეტაპს, რომელიც ოქტომბერში, არჩევნებით სრულდება. მეორე მხრივ, ვემზადებით მეორე ეტაპზე გადასასვლელად. ეს ორი ეტაპი ერთმანეთისგან ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ქვეყნის გადამრჩენი ლაშქარი, მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. ჩვენ  ოქტომბერში არჩვენებზე მივდივართ არა  ბოროტებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, არამედ ქვეყნის წინ წასაყვანად“- განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან.

იტვირთბა....