ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სხვისი დავალებების შემსრულებლები: „ფულის გარეშე არაფერი გამოვა“, ანუ „მოვდივარ“ – მაგიური სიტყვა, რომლითაც ძმებმა გაჩეჩილაძეებმა პოლიტიკაში თავი დაიმკვდრეს

ავტორი: ვანო პავლიაშვილი

 

ადრეც გითხარით – 30 წელია, ჟურნალისტი ვარ და ამ ხნის განმავლობაშვი ვის აღარ შევხვედრივარ: ცხონებულ ედუარდ შევარდნაძეს, აწ განსვენებულ ზურაბ ჟვანიას, ჯაბა იოსელიანს, ორივე თენგიზს (კიტოვანი და სიგუა), ზვიად გამსახურდიას პირველ მეუღლეს, დალი ლოლუას, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, საქართველოში რომ დაბრუნდა, საკუთარი ავტოგრაფით წიგნიც მაჩუქა, საქართველოდან გაქცეულ ასლან აბაშიძესთანაც ინტერვიუ ხშირად ჩამიწერია, ბიძინა ივანიშვილთან ჟურნალისტური პაექრობა არ მქონია, მაგრამ მახსოვს, მე და ინგა გრიგოლიამ სახალხო პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანისა და მამუკა ჩარკვიანის ვარსვლავის გახსნის საზეიმო კონცერტი რომ წავიყვანეთ ფილარმონიაში, საღამოს დასრულების შემდეგ, სცენაზე ამოვიდა, რამდენმე წამით გვესაუბრა… ისე, მგონი, ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი ვარ, ვინც ლავრენტი ბერიას ვაჟს, სერგო ბერიას შევხვდი და ჩვენი დიალოგის სტენოგრაფიული ჩანაწერი გამოვაქყვენე, მაგრამ… ჟურნალისტიკის ღმერთბემა მაინც „გამწირეს“. რატომ? – იმიტომ, რომ აი, ძმებ გაჩეჩილაძეებთან შეხვედრის ბედნიერება არ მომეცა. ახლა, რომ გითხრათ, ამაზე ძალიან ვნერვიულობ-მეთქი, ცხადია, არ დამიჯერებთ. ჰოდა, „გრეჩიხასა“ და „უცნობამდე“ ვერ მივაღწიე. სამაგიეროდ, ძმები პერიოდულად თავს მხოლოდ მე კი არა, სრულიად ერს ახსენებენ, თან გვემუქრებიან ხოლმე, მოვდივართო. დიახ, თავის დროზე უფროსი ძმა, ლევანი ემუქრებოდა ყოფილ პრეზიდენტს, მიშა, მოვდივარო; ახლა კი, ანუ 30 აპრილს, იგივე ლოზუნგით ხალხის შეკრებას უმცროსი ძმა, ესე იგი, მომღერალი „უცნობი“ გეგმავს. ამ ფონზე, ალბათ, ურიგო არ იქნება, თვალი ძმებ გაჩეჩილაძეების „ქეისს“ გადავავლოთ.

მოკლედ, ვინ არიან, საიდან მოდიან და, საერთოდ, მუდმივად რატომ ირტყამენ გულზე მჯიღს და რატომ გვაშინებენ, მოვდივართო?

 

***

გაჩეჩილაძეების ოჯახი თბილისის ე.წ. ელიტური ფენისთვის შესაძლოა, ადრეც ცნობილი იყო, მაგრამ მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი თავს 90-იანი წლების ბოლოდან იჩენს. კერძოდ, იმ დროს, როცა საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ესე იგი, მიხეილ სააკაშვილის მაშინდელი მმართველი პარტიის, „მოქკავშირის“ სახე იყო და ვაკის მაჟორიტარობისთის იბრძოდა, ლევან გაჩეჩილაძე მისი საარჩევნო შტაბის უფროსი გახლდათ.

ამის გახსენება პოლიტიკიდან გაუჩინარებულ უფროს გაჩეჩილაძეს შესაძლოა, არ სიამოვნებს, მაგრამ ხალხს არცთუ მოკლე მეხსიერება აქვს. ჰოდა, მოსახლეობას ისიც ემახსოვრება, რომ იყო დრო, როცა უმცროსი გაჩეჩილაძე, ანუ მომღერალი „უცნობი“ სააკაშვილთნ ერთდ მღეროდა – ექსპრეზიდენტი „უცნობს“ პირდაპირ სცენაზე აეჭრა, თუმცა მომღერალს „დაუპატიჟებელი სტუმრის“ გამოჩენა არ გაუპროტესტებია. პირიქით, მეგობრულად გაუღიმა და სიმღერა განაგრძო.

სწორედ ამავე პერიოდს უკავშირდება ის ეპიზოდიც, როცა გაჩეჩილაძეებმა, რომელთაც წარსულში ღვინის ბიზნესი ჰქონდათ, მიხეილ სააკაშვილის სახელობის ღვინო ჩამოასხეს. ჰოდა, ერთ-ერთი მთვარი კითხვის ნიშანიც სწორედ ამ წვრილმანების გახსენების ფონზე ჩნდება – როდის იყვნენ ძმები გულწრფელები: როცა ლამის სააკაშვილის მზეს იფიცებდნენ თუ მაშინ, როცა იგივე ლევან გაჩეჩილაძე სააკაშვილს ემუქრებოდა, მიშა მოვდივარო?!

 

***

მერე, დრო რომ გავა, გაჩნდება ეჭვი, რომ ეს მუქარა ჩეულებრივი სიმულაცია იყო და მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში, 2010 წლის მიწურულს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი შეფი, ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძეს სკანდალურ ბრალდებებს წაუყენებს და იტყვის, რომ ეროვნულ კრებაში მონაწილეობის სანაცვლოდ ის თითქოს 2 მილიონს ითხოვდა

„გრეჩიხასთან“ ვზივართ „პადვალში“ ნინო, მე, ეროსი, „გრეჩიხა“, კოკა და მიდის საუბარი. აი, უყურე, როგორი პირობა არის წამოყენებული: მოვდივართ კრებაზე და კოკა გუნცაძე უნდა იყოს შტაბის უფროსი, ეროსი კიწმარიშვილი უნდა იყოს პიარის და პრესის მიმართულების ხელმძღვანელი და „გრეჩიხა“ უნდა დამჯდარიყო, ფაქტიურად, ქურდად. ყველა ფინანსური სიტუაცია უნდა გავლილიყო „გრეჩიხას“ ხელში, აი, ასეთი პირობა წამოაყენეს“, – ნათქვამი იყო ამ ინტერვიუში.

ამასთან, ბიწაძე ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ლევან გაჩეჩილაძე გია გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძისა და ბიძინა გეგიძის ფინანსური პრობლემების მოგვარებასაც ითხოვდა.

ეროსი მეუბნება, ბიჭო ამ „გრეჩიხასთან“ ფულის გარეშე არაფერი გამოვა, გამორიცხულია. ერთ-ერთში დაელაპარაკეო”, – აღნიშნავს ბიწაძე

სკანდალური ინტერვიუში, რომელიც 2010 წლით თარიღდება.

ამავე მასალაში ხაზგასმული იყო, რომ გაჩეჩილაძე ბიწაძისა და ბურჯანაძისგან 2 მილიონს ითხოვდა, საიდანაც 300 ათასი “მაესტროს” აქციების 49%-ის გადასაფორმებლად მამუკა ღლონტისთვის უნდა გადაეცა. ბიწაძე ირწმუნებოდა, რომ გაჩეჩილაძე ბურჯანაძეს თითქოს “მაესტროს” აქციების 25%-ის გადაფორმებას დაჰპირდა. ბიწაძის მაშინდელი განცხადებითვე, გაჩეჩილაძემ ამ 2 მილიონიდან საკუთარ “პულკაში” შესაყვადან ზურაბ ნოღაიდელსაც მოსთხოვა, ანუ ნოღაიდელი თითქოს მზად იყო, რომ ოპოზიციის ლიდერობის სანაცვლოდ, 2 მილიონი გადაეხადა.

„ამის შემდეგ, „გრეჩიხამ” მოაგზავნა კაცი და გვეუბნება, ნოღაიდელი ყიდულობს ამ ტელევიზიას, პლუს, ფულსაც გვიხდის და მერე ნოღაიდელს ჩვენ ვეღარ ვეტყვით უარს ამ ერთობაში შემოსვლაზე, სასწრაფოდ თუ არ გადაიხდით ამ ფულს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ვერ გადავიხდით. “მაესტროს” 25% რაში მჭირდება, რატომ უნდა გადავიხადო ფული? ჩვენ საბოლოოდ ვეუბნებით, ვიწყებთ სახალხო კრების სიტუაციას და თქვენ უერთდებით თუ არა ამ პროცესს?

„გრეჩიხა“ ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ერთი თვე მე უნდა გავიდე, მოვშორდე ყველაფერს, იმიტომ, რომ ფული მაქვს ასაღებიო. თუ შენ ოპოზიცია გაძლევს ფულს მაშინ რატო უნდა მოშორდე ამ პროცესებს? ის პირობას ხომ გიყენებს რომ გაჩერდე? ე.ი. ელოდება, რომ ხელისუფლებამ მისცეს ფული,“ – ნათქვამი იყო ინტერვიუში.

ბიწაძის ზემოხსენებული ინტერვიუდანვე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე თითქოს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ფურცელზე ჩამოუწერა მოთხოვნები:

„დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად… მინდა ხუთი მილიონი… ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10-12 მილიონი“.

ამავე ინტერვიუში აღნიშნული იყო, რომ ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს თითქოს თინა ხიდაშელის მთავარ პროკურორად დანიშვნაც მოსთხოვა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, ხიდაშელი გიგა ბოკერიაა კაბაში და ტყუილად გგონიათ ფრთიანი ანგელოზიო.

სტატიაში, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ასევე, ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილმა გაჩეჩილაძეს ავანსად თითქოს ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა.

სტატიის ავტორი იმასაც აღნიშნავდა, რომ სააკაშვილ-გაჩეჩილაძეს შორის ვაჭრობის საგანი თითქოს ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო.

 

***

ბიწაძის ზემოხსენებული განცხადებების გამო, გაჩეჩილაძეებსა და ოპოზიციის ბურჯანაძის ფრთას შორის ურთიერთობა დაიძაბა. უფრო მეტიც, საქმე ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. ყოველ შემთხვევაში, 2011 წლის გაზაფხულის პირველ დეკადაში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიწაძე-გაჩეჩილაძეს შორის ფიზიკური “რაზბორკები” გაიმართა. ამასთან, ითქვა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას ადგილი არა მხოლოდ საქართველოში, კერძოდ, წყნეთში, მიუნხენის აეროპორტშიც ჰქონდა.

2011 წლის 30 მარტს ქართული ინტერნეტპორტალი „პრესა.ჯი” ბადრი ბიწაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სწორედ ამ ინციდენტზეა საუბარი. ინტერვიუს ე.წ. ლიდში ვკითხულობთ:

„მიუნხენის აეროპორტსა და წყნეთში მომხდარ ინციდენტებზე კომენტარს ისევ არ აკეთებს ლევან გაჩეჩილაძე. ამ საკითხებზე კომენტარს მაქსიმალურად არიდებს თავს ბადრი ბიწაძეც, მაგრამ „პრესა.ჯი“-ს ექსკლუზიურ ინტერვიუზე მაინც დასთანხმდა:

– ბატონო ბადრი, რით ახსნით ლევან გაჩეჩილაძის ბოლოდროინდელ დაინტერესებას თქვენი პერსონისადმი, მის მიმართ თქვენი ბრალდებების პირველ ეტაპზე, თითქოს, ასე არ აქტიურობდა…

– იცით, მე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად დაინტერესებულია ჩემით და კუდში დამდევს. მით უფრო ხშირად თბილისში ვარ და არსად არ ვიმალები, ეს ცნობილი ფაქტია. თუ მას ჩემი ნახვა უნდოდა, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით შეეძლო ეს გაეკეთებინა მანამდეც. ისეთ პროვოკაციებზე წამოსვლა, რაც მიუნხენში მოხდა, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მე ჩირქი მომცხოს, მერე ვიღაცამ ეს ფაქტი გამოიყენოს და დამაპატიმრონ…

– თქვენ თუ ელოდით ლევან გაჩეჩილაძისგან მსგავს საქციელს და რამდენად ცდილობდით მასთან შეხვედრისთვის თავი აგერიდებინათ?

– იცით, შეხვედრა არც ყოფილა. შეხვედრაა, როცა კაცს შეხვდები, დაელაპარაკები… მე კიდევ მიუნხენში თვითმფინავში ჩასაჯდომად მივდიოდი და კაცი მომეპარა, რა… მე ვერც დავინახე…

– ანუ, მოგეპარათ და დაგარტყათ?

– არა, არა, დარტყმა არ ყოფილა, ხომ ვამბობ, ჩემთვის დარტყმა ძნელი საქმეა და რომც მოენდომებინა, არ გამოუვიდოდა, გაჩეჩილაძე ქურდულად მომეპარა და გინება დამიწყო, მერე შემოვბრუნდი და ეგ შემრჩა ხელში…

– თქვენ განაცხადეთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე დავალებებს ასრულებს. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, ვის დავალებას ასრულებს და რა მიზნით?

– ნამდვილად ასრულებს. მაგას მეტი არაფერი შეუძლია, შეუძლია მხოლოდ ვაჭრობა, ამ ვაჭრობის შედეგად ხელისუფლებისგან დავალებების მიღება და მერე ხელისუფლებისთვის დახმარება ჩემი ვითომ დისკრედიტაციის საკითხში.

– ანუ, თქვენი აზრით, მსგავს დავალებებს ახლაც ღებულობს „გრეჩიხა“?

– სწორედ ეგრეა. ეტყობა, ახლა ვერაფერს უსრულებს, რასაც დაპირდა და ამიტომაც ასეთ ქმედებებზე გადავიდა. მეტს არაფერს ემსახურებოდა ის, რაც მაგან აეროპორტში გააკეთა: არანაირი დაპირისპირება იქ არ ყოფილა – მომეპარა და პირდაპირ პროვოკაციაზე წამოვიდა…

– ხომ არ ფიქრობთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე თქვენმა მკვეთრმა ფრაზებმაც გააღიზიანა „ერთი ადგილის“ არქონის შესახებ?

– რატომ გააღიზიანა ჩემმა განცხადებამ „გრეჩიხა“? ასეა და რა ვქნა? თუ აქვს ერთი ადგილი მაგ ლევან გაჩეჩილაძეს, მაშინ სხვა ადგილას და სხვანაირად შეიძლება პასუხის გაცემა მაგაზე…

– საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ამ დაპირისპირებას თქვენი მხრიდან იმ კომპრომატების გამოქვეყნება მოჰყვება, რომლებიც შემონახული გაქვთ…

– რა არის, იცით? მე ბევრი რამ ვიცი და კიდევ ბევრი რამ მეცოდინება, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ მე უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი, დავაზუსტე, დავაკონკრეტე კიდეც. ასე რომ, ახლა აღარაფრის თქმას აღარ ვაპირებ, თუკი, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება არ შეიქმნება.

– თუ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ არ იტყვით, მაგრამ სათქმელი მაინც გაქვთ, ანუ კომპრომატები კიდევ არსებობს გაჩეჩილაძეზე?

– რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია ლევან გაჩეჩილაძეზე, მე რასაც ჩავთვლი საჭიროდ და როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გავახმოვანებ ამ ინფორმაციას. ბუნებრივია, ბევრი რამ ვიცი, რაც ჯერ არ მითქვამს…”

 

***

ასე იყო თუ ისე, 2011 წლის მაისში ანუ მაშინ, როცა ბურჯანაძემ სააკაშვილის ხელისუფლებას ხელთათმანი ესროლა და დულეში გამოიწვია, ბიწაძე-გაჩეჩილაძის კონფლიქტიც ამოიწურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაჩეჩილაძე მიტინგზე, რომელიც ტელეიზიასთან იმართებოდა და რომელსაც აკომპანიმენტად „ბელა ჩაო” გასდევდა, გაჩეჩილაძე მივიდა და მომიტინგეებს სიტყვითაც მიმართა.

ზოგადად, ცნობილია, რომ პოლიტიკაში მუდმივი მტრობა და მეგობრობა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ალბათ, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ გაჩეჩილაძე-ბიწაძეს შორის ზავი ჩამოვარდა, მაგრამ „დიდი შერიგების” მიუხედავად, საზოგადოებას ბიწაძის განცხადებები მაინც ახსოვს. შესაბამისად, მინიმუმ, ეჭვი, რომ „გრეჩიხა” სააკაშვილთან თანამშრომლობდა, ვიღაცებს დღემდე აქვთ…

 

***

ამსობაში, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ესე იგი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველობა „ოცნებას” გადასცა. ჰოდა, ძმები გაჩეჩილაძეებიც ახალ სკანდალში გაეხვნენ. ამ სკანდალს მარტივად, შესაძლოა, „მაესტროს აბრაკადაბრა” დავარქვათ, რომელსაც ინტერნეტ-პორტალმა „სპუტნიკ-ჯორჯია”-მ ვრცელ სტატია მიუძღვნა. სტატიაში, რომელიც 2016 წლის 4 თებერვლით თარიღდება, ვკითხულობთ:

„სტუდია მაესტროს“ პარტნიორებმა ხმათა უმრავლესობით თანამდებობიდან ტელეარხ „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე გაათავისუფლეს.

„სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა კრება დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. პროცესს ყურადღებით აკვირდებოდნენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს თითქოს ხელმძღვანელობის ჩვეულებრივი ცვლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე მოვლენა იმდენად რეზონანსული გახდა, რომ მასზე კომენტარის გაკეთება საქართველოს პრემიერსაც და მთავრობის წევრებსაც მოუხდათ.

ტელეკომპანია „მაესტრო“ არაერთხელ აღმოჩენილა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად აჟიოტაჟის საბაბი ის ჩანაწერი გახდა, რომელიც 2 თებერვლის ღამით გაჩნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ ჩანაწერის თანახმად, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“, ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი ხდებოდა. მანამდე მას მხოლოდ 25% ეკუთვნოდა. დანარჩენი წილები გაჩეჩილაძემ „სტუდია მაესტროს“ სხვა მეწილეებისგან გამოისყიდა.

 

***

გარიგების მეორე დღეს „მაესტროს“ ჯერ კიდევ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს გარიგება საფრთხეს უქმნის არხის სარედაქციო პოლიტიკას, მის დამოუკიდებლობას და ამიტომ არ აპირებს „მუშაობას ამ პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში“, ელოდება პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე კი ასრულებს საკუთარ უფლება-მოვალეობას.

მოგვიანებით მან რატომღაც თქვა, რომ წასვლა არ სურდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა – ბაია გადაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა მალევე დაიკავა გიორგი გაჩეჩილაძის ძმამ – წარსულში პოლიტიკურად აქტიურმა ლევან გაჩეჩილაძემ.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს თავად პარტნიორთა კრების პროცესი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო. კამერების სამიზნეში აღმოჩნდნენ ბაია გადაბაძე და გიორგი გაჩეჩილაძე, რომლებიც ერთმანეთს ფოიეში შეხვდნენ და ერთმანეთს ყველა ნაფიქრალი მიახალეს.

გადაბაძეს აინტერესებდა იმ თანხის წარმოშობა, რომლის წყალობითაც გაჩეჩილაძემ საკონტროლო პაკეტის მოსაპოვებლად აუცილებელი 30% გამოისყიდა.

„უცნობმა“ ყველა დაარწმუნა, რომ თანხას „სწორი წარმომავლობა“ ჰქონდა და გადაბაძე შანტაჟში დაადანაშაულა, ხოლო კართან შეკრებილ ჟურნალისტებს სთხოვა, არ დაეძაბათ ვითარება და კარგი ამინდით დამტკბარიყვნენ.

მან გადაბაძეს ტელევიზიაში სამუშაოდ დარჩენაც შესთავაზა. ისიც თითქოს დათანხმდა, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა და გადაბაძემ მომდევნო ინტერვიუ არხის ყოფილი გენდირექტორის რანგში მისცა.

„ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული… მე ახლა მივმართავ იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრს, არ დააფიქსირონ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გადაბაძემ, მაგრამ თხოვნა არ გაითვალისწინეს.

ჟურნალისტებმა მთავრობის წარმომადგენლებს აღნიშნული ვითარების შეფასება სთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო პირთა დავა იყო.

„მაესტროსთან“ დაკავშირებით, არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, არარის ჩემი საქმე,  არც მთავრობის საქმეა. კერძო ტელეკომპანიაა, ძალიან დიდი ისტორიით და მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს,  ეს არის ის, რომ თავდაცვის მინისტრმა დაიწყოს ამ თემაზე კომენტარების კეთება“, – განაცხადა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელს დაეთანხმა იუსტიციის იმდროინდელი მინისტრი თეა წულუკიანიც.

„რაც შეეხება „მაესტროსა“და ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებას, მთავრობის პოზიცია არის ის, რაც მანამდე იყო, რომ ჩვენ შორს ვდგავართ ამ პროცესებისგან. შიდა პროცედურული თუ სხვა არსებითი საკითხები – არ მინდა პრობლემები დავარქვა — სხვადასხვა პარტნიორებმა, მეწილეებმა უნდა გადაწყვიტონ ერთმანეთში კანონით დადგენილი წესით“, – თქვა წულუკიანმა.

საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც და აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს, ვინაიდან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების უმთავრესი მიღწევაა“.

ცნობისთვის: „სტუდია მაესტრო“ 1995 წელს დაარსდა. ის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი და მეორე არხებით გადიოდა ეთერში და გასართობ გადაცემებს წარმოადგენდა.

2001 წელს „სტუდია მაესტრო“ საქართველოში პირველ მუსიკალურ-გასართობ არხად გადაკეთდა, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“, მერე კი „ევრიკას“ საეთერო დროით სარგებლობდა.

2008 წელს „მაესტრო“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არხად მოგვევლინა. 2009 წლის დასაწყისში ტელეარხმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხი სახელი მოიპოვა. „უცნობის“ ტელეშოუ „საკანი №5“ საფუძვლად დაედო იმ წლის გაზაფხულზე მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებას.

ამ დროისათვის კომპანია „სტუდია მაესტროს“ 55%-ანი წილი გიორგი გაჩეჩილაძეს ეკუთვნის, დიზაინერ მაკა ასათიანის მფლობელობაშია 25%, მამუკა ღლონტისა – 15%, ხოლო ეკატერინე აკობიასი – 5%.

აღსანიშნავია, რომ „მაესტროს“ დღეს ისევ „უცნობის“ კონტროლქვეშაა… ყოველ შემთხვევაში, მისი „კიდობანი“ სწორედ ამ არხზე გადის.

 

***

იმის თქმა, რა ქონების მფლობელია, “უცნობი” ანუ გიორგი გაჩეჩილაძე, დანამდვილებით უცნობია, რამეთუ ის სახელმწიფო სამსხურში არასოდეს ყოფილა და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც არ შეუვსია. სამაგიეროდ, მედიაში ხშირად გავრცელებულა ინფორმაციები მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის ქონებაზე. ლევან გაჩეჩილაძემ თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, 2008 წლის 29 აპრილს შეავსო.

ამ დეკლარაციის მიხედვით, ნინო მიქელაძის საკუთრებაშია, მიწის ნაკვეთი საგურამოში, რომელიც 49 141 ლარად არის შეფასებული. ასევე მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, რომელიც 24 570 ლარად არის შეფასებული. ეს ნაკვეთიც საგურამოში მდებარეობს. ნინო მიქელაძე ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს, მიწის ნაკვეთთან ერთად თბილისში, რომელიც 1 600 000 ლარად არის შეფასებული. ლევან გაჩეჩილაძის საკუთრებაშია ავტომანქანა, რომელიც 70 000 ლარად არის შეფასებული. ნინო მიქელაძესაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი – შეფასებული 35 000 ლარად. ახლა, რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, ლევან გაჩეჩილაძეს “თი ბი სი” ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 23 467 ლარი ერიცხებოდა. ბანკ “რესპუბლიკაში” კი 5 094 დოლარი ჰქონდა. ლევან გაჩეჩილაძეს, დეკლარაციის შევსების დროს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 5 000 დოლარის ოდენობით. დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ლევან გაჩეჩილაძემ სხვადასხვა ფიზიკურ პირს, საერთო ჯამში 85 000 დოლარი ასესხა. ლევან გაჩეჩილაძე არის „ივერია იმპორტის” პარტნიორი, რომლის იურიდიული მისამართი ნიუ იორკშია რეგისტრირებული.

 

***

„მოვდივარ, რადგან მიყვარს საქართველო“ – ეს „უცნობის“ მიერ 30 აპრილს დაანონსებული აქციის ერთგვარი სლოგანია. საქართველოს სიყვარულში ცუდი არაფერია, მაგრამ საინტერესოა, ძმებმა გაჩეჩილაძეეებმა, ამ შემთხვევაში, „უცნობმა“ ხალხი ქუჩაში რამდენჯერ უნდა გამოიყვანოს? აქვე, ისიც საკითხავია, რა შედეგით მთავრდება ხოლმე ეს „გამოყვანა“, ანუ ერთი ადამიანის მოძებნა მაინც თუ შეიძლება, რომელიც იტყვის, რომ ზემოხსენებული პერსონების მიერ გამართულმა აქცია-მიტინგმა რამე შედეგი მოიტანა და ცხოვრება უკეთესი გახდა? ჰოდა, აგერ, ვნახავთ, ამჯერად რითი დამთავრდება „უცნობის“ მოსვლა…

 

იტვირთბა....