ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როცა პოლიტიკაში “ყველაფერი მოსულა”: რა განათლება აქვს ენმ-ს თავმჯდომარეს და რატომ აღარ მიაჩნია კეზერაშვილი მილიონების ქურდად – რამდენიმე ეპიზოდი ლევან ხაბეიშვილის „ქურქუმელ ვაითიდან“

ავტორი: ზვიად იაკობაშვილი

ეს ის შემთხვევაა, როცა სალაპარაკო, პრაქტიკულად, არაფერია, ანუ ამ პერსონის წარსულს თუ გადავხედავთ, ვერც შავ ლაქებს ვიპოვით და ვერც – გამორჩეულ დადებით საქმეებს. ერთი სიტყვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პოლიტიკურმა ღმერთებმა თუ დემონებმა აიღეს და პირდაპირ პოლიტიკურ ავანსცენაზე შეუშვეს. თავიდან ეპიზოდური როლი ჰქონდა და მაშინ, როცა ხელისუფლების კორუფციულ სქემებზე ბრიფინგებს ატარებდა, აზრადაც არავის მოუვიდოდა, რომ გამოხდებოდა ხანი და ამ „ზომიერად აგრესიულ ახალგაზრდას“ ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიად შერაცხული პოლიტსუბიექტის თავმჯდომარეობა მოუნდებოდა.

ისე, ტერმინის – „ზომირად აგრესიული ახალგაზრდა“ ავტორი – არც მეტი, არც ნაკლები – პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილია. ახალ თაობას არა, მაგრამ მათ, ვინც ქართულ პოლიტიკას თვალს ბოლო, მინიმუმ, 20 წელია ადევნებს, ემახსოვრება – „ვარდების რევოლუცია“ რომ იწყებოდა, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ემოციური გამოსვლისას წამოისროლა, ჩვენ გვჭირდება ზომიერად აგრესიული ახალგაზრდებიო. ახლა, ჩვენთვის რომ ვთქვათ, მხოლოდ ლუფიცერმა თუ უწყის, „ზომიერი აგრესიულობა“ რას ნიშნავს, მაგრამ მიხეილ ნიკოლოზის ძის მოწოდებამ არ დააყოვნა და ენმ-ს გარშემო რამდენიმე ასეთი „ზომიერად აგრესიული“ ახალგაზრდა გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი დიმიტრი ქიტოშვილი გახლდათ, რომელმაც „ვარდების საქართველოში“ კომუნიკაციების კომისიის შეფობას გამოჰკრა ხელი, თუმცა ქიტოშვილმა მოღვაწეობა არცთუ სახარბიელოდ დაამთავრა – ირაკლი ოქრუაშვილის „გრძელვადიან შვებულებაში“ გაშვების შემდეგ, „ნაციონალების“ სამართალმა მასაც მიაკითხა, რაც მოსალოდნელიც იყო – ქიტოშვილი „ოქროს“ კადრად ითვლებოდა.

საერთოდ, „ნაციონალური ინტრიგები“ ამოუწურავი თემაა და ამაზე “მეტრონომი” ცალკე „ქეისს“ შემოგთავაზებთ, თუმცა იგივე ოქრუაშვილ-ქიტოშვილის ეპიზოდის გახენება ლევან ხაბეიშვილის „ქეისისგან“ მაინცდამაინც შორს არაა, ანუ იმთავითვე ამბობდნენ, რომ სააკაშვილის ორი ფავორიტი – ირაკლი ოქრუაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ. ხალხური პოლიტიკური მითოსით, მერაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ მიშას „ოქროზე“ გული აეცრუებინა და ასეც მოხდა – ჯერ შს და შემდეგ თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯარისკაცებს აგინებდა, თქვენი მოგებული ომის დედაცო, არათუ პოლიტიკური ვერტიკალიდან გაუშვეს, არამედ, ცოტა ხანს „კამერის“ გემოც გააგებინეს. ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომა სწორედ ოქრუაშვილის ჩამოშორება და მერაბიშვილისთვის განუსაზღვრელი უფლებების მიცემა იყო.

როგორ განვითარდებოდა მოვლენები მაშინ, ყველაფერი პირიქით რომ მომხდარიყო, ანუ ოქრუაშვილს მერაბიშვილის ჩაძირვა მოეხერხებინა? – ამაზე მარჩიელობა არ ღირს, თუმცა თვალნათელია, რომ მას შემდეგ, რაც 2013 წელს, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა, მერაბიშვილი სულ რამდენჯრმე, ისიც „ლაითად“ ახსენა, ანუ გონივრული ეჭვი, რომ მიშას და ვანოს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა, მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოს, მით უმეტეს, ახლა, როცა ლამის დადასტურებულია, რომ ენმ-ში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ასევე, ლევან ხაბეიშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის შექმნის ერთ-ერთ არქიტექტორი, დავით კეზერაშვილთან ერთად, სწორედ მერაბიშვილიცაა.

კი ბატონო, არავინ უარყოფს, რომ „ხაბეს“ ენმ-ს „ბაბლში“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ჰყავდა. თავმჯდომარის შიდაპარტიული არჩევნებიც სწორედ ამიტომ მოიგო, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს დაპირებული „მიშას გათავისუფლების შტაბის“ გუგუნი არ ისმის!

რატომ? – ეს რიტორიკული კითხვაა… ჰოდა, სანამ ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერი ამ და სხვა თემებზე ღიად ისაუბრებს, მოდით, გავარკვიოთ, ვინ არის ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი რამდნიმე წელია, პოლიტიკურ არენაზეა და თავიდანვე საზოგადოების ყურადღება თავისი როყო განცხადებებით მიიქცია, ანუ „ზომიერად აგრესიული“ ახალგაზრდა იყო. სხვათა შორის ხაბეიშვილის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და თანამოაზრე დავით კირკიტაძეა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ დროს სწორედ „ზომიერი აგრესიულობით“ გამოირჩეოდა… ისე, შესაძლოა, უბრალოდ, დამთხვევაა, მაგრამ მოარული ხმებით, კირკიტაძე მერაბიშვილის პარტიული კლანის წევრია… არადა, პოლიტიკაში „უბრალო დამთხვევები“ არ არსებობს.

მოკლედ, ხაბეიშვილმა საზოგადოების ყურადღება იმთავითვე სკანდალებით მიიქცია. ერთ-ერთი პირველი სკანდალი ის იყო, რომ „ნაცმოძრაობა“ დატოვა. ეს 2016 წელს მოხდა, როცა ყოფილ მმართველ პარტიას გიორგი ვაშაძე გაემიჯნა და პარტია „ახალი საქართველო“ დააფუძნა, ანუ ხაბეიშვილი ვაშაძეს გაჰყვა და ახალი პარტიის სახედ მოგვევლინა, თუმცა ლევანმა, ღამურასი არ იყოს, უკან, ენმ-ში დაბრუნება ზუსტად ერთ წელში მოინდომა – 2017 წელს ვაშაძეს ზურგი აქცია და „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. ენმ და ვაშაძე, პრინციპში, მონათესავე სულები არიან – ორივე პროდასავლურია, მაგრამ ამის მიუხედავად, ხაბეიშვილის წინდაუკან სირბილი მაინც დამაფიქრებელია.

სხვათა შორის, გასული წლის შემოდგომაზე ამ თემაზე ქართულმა საინფორმაციო სააგნეტო „თაიმერმა“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ეწერა:

„რა გამოდის? – უპრინციპოა და საითაც ნიავი დაუბერავს, იქით ირყევა, ვითარცა ლერწამი? თუ ასეა, გამოდის, რომ ახლაც კეზერაშვილის ზურგის ქარი ამოძრავებს ხაბეიშვილს, არადა, თავის დროზე კეზერას სულ მილიონების მომპარავს ეძახდა.

ისე, რა უნდა გაგვიკვირდეს, პოლიტიკაში ხომ ყველაფერი მოსულა?! მოსულა ისიც, რომ ადამიანს, რომელსაც ხალხის მმართვაზე აქვს პრეტენზია, დიპლომი არ ჰქონდეს, ან ჰქონდეს, მაგრამ რაღაც გაურკვეველი სასწავლებლის კურსდამთავრებული იყოს. ასეა სწორედ ხაბეიშვილის შემთხვევაშიც, ანუ პარლამენტის ოფიციალურ საიტზე ხაბეიშვილის ბიოგრაფიის განათლების გრაფაში წერია, რომ დამთავრებული აქვს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის უნივერსიტეტი “მცირე აკადემია”, სპეციალობით – ბიზნესის მართვა.

რა არის „მცირე აკადემია“? – ამას ვერ გეტყვით, რადგან Googl-ის საძიებო სისტემაში “მცირე აკადემიის” შესახებ ვერაფერს იპოვით. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ „ხაბემ“ განათლება რაღაც „ჭ“ კლასის უმაღლესში მიიღო?“

ისე, ხაბეიშვილის საეჭვო განათლება რა მოსატანია, როცა მოქმედ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისეთები არიან, რომელთაც ქართული ანბანი შესაძლოა, ბოლომდეც არ იციან.

საერთოდ, როცა ხაბეიშვილის „პოზიციების შეცვლაზე“ ვსაუბრობთ, აუცილებლად უფრო დეტალურად უნდა გავიხსენოთ, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა დავით კეზერაშვილის მიმართ რამდენიმე წლის წინ. კერძოდ, 2017 წელს, ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილი კრიმინალია, რომელმაც მილიონები მოიპარა და წინა ხელისუფლებამ 2012 წელს არჩევნები სწორედ მსგავსი პერსონების გამო წააგო:

„წინა ხელისუფლებამ არჩევნები რატომ წააგო? თქვენ რა გგონიათ? ესენი იყვნენ ყაჩაღები და მძარცველები და თავის დროზე, იმ ხელისუფლებამ ვერ გასცა პასუხი, თორემ ასეთი ხალხი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. ივანიშვილი დღეს ხელისუფლებაში არ იქნებოდა, ეს ყაჩაღები არ იქნებოდნენ, ხალხი ყრუ და ბრმა არ არის. კეზერაშვილმა რომ მოიპარა მილიარდები და ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული. ეს არის პრობლემა და ეს კეზერაშვილი დღეს რას აკეთებს ხომ არ იცით? ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და აფინანსებს ვითომ ოპოზიციას … დათითოკაცებული ოპოზიცია არის ხელისუფლების საჩუქარი, რომელსაც არაფრის გაკეთების საშუალება არ აქვს, არც იცის როგორ უნდა აკეთოს, არის კრიმინალებით სავსე, ქურდები და ყაჩაღები არიან. მაგრამ ამას აკეთებს ოპოზიცია, ამას აკეთებინებს ივანიშვილი კეზერაშვილის ხელით, ეს არის ფაქტი, ამ ქვეყანაში არაფერი არ იმალება“.

ამ ხმაურიანი განცხადებინდა გავა სულ რაღაც ხუთი წელი და ლევან ხაბეიშვილი პოზიციას ისევ შეცვლის, ანუ დაავიწყდება, რომ კეზერაშვილს მილიონების ქურდად, ასევე, ივანიშვილთან კოლაბორაციაში მყოფად მიიჩნევდა. ჰოდა, დაავიწყდება და ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებამდე იტყვის:

„არ უნდა ამ ადამიანს საჯარო პოლიტიკა და თუ დაინტერესდება, მე მგონი, რომ ყველა ადამიანი საჭიროა. არანაირი მიუღებელი ადამიანი ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ არსებობს. რას ლაპარაკობთ, მინუს ვანო მერაბიშვილი? თურმე ვანო მერაბიშვილს არ შეუძლია ერთი აგური დადოს ბიძინა ივანიშვილის გასტუმრებაში. ლიდერი ვიცი მე გამაერთიანებელი, როცა აერთიანებს და არა ყოფს. მე ლიდერი ვიცოდი ნიკა მელია, რომელიც აერთიანებდა, მათ შორის – გაყოფილ ოპოზიციას. დღეს ვხედავ პრობლემას…

დავით კეზერაშვილი არის ჩვენი პარტნიორი, ის გვეხმარება, მათ შორის ტექნიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის არის ჩვენი დამხმარე, ადამიანი, რომელიც ეხმარება ანტიკორუფციულ მოძრაობას, რომელმაც ამხილა უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი… გვეხმარება, რომ ვიყოთ ქმედითი და კორუფციული მიმართულებით ვამხილოთ „ქართული ოცნების“ ოლიგარქები“.

როგორ, სად და ვისი შუამავლობით გადაიკვეთა ლევან ხაბეიშვილისა და კეზერაშვილ-მერაბიშვილის გზები? – ამ თემაზე იგივე პოლიტიკურ კულუარებშიც კი არავინ არაფერს ამბობს. ალბათ, მოვა დრო და, როგორც ყველა საიდუმლო, ეს საიდუმლოც გაცხადდება. ყოველ შემთხვევაში, მეისტორიენი ვერსიების დონეზე მაინც დაწერენ, „ქურქუმალ ვაითისა“ და კეზერას პოლიტიკური ალიანსი ღირებულებებს ეფუძნებდა თუ ეს, უბრალოდ, მომგებიანი პოლიტიკური გარიგება იყო…

რაც შეეხება „ქურქუმალ ვაითს“, ნიკა არაბიძის შოუში სტუმრობისას ხაბეიშვილმა ე.წ. CV სწორედ ასე განმარტა, „ქურქუმალ ვაითიო“. ჰოდა, პოლიტიკური „კლიჩკაც“ „აირტყა“ – „ნაცები“, „ქოცები“, „ლეიბორისტები“ თუ ლიბერალები, ანუ ყველანი „ხაბეს“ პირსუკან „ქურქუმალ ვაითს“ ეძახიან.

ახლა კი, მოდით, ხაბეიშვილის ქონებრივი „ქურქუმალ ვაითი“, ესე იგი, დეკლარაცია შევავსოთ, თუმცა ჯერ ორიოდ სიტყვა მის ე.წ. შრომის წიგნაკზე ვთქვათ:

როგორც ოფიციალური ბიოგრაფიიდან ირკვევა, კარიერა 2006 წელს, სოციალური კვლევის ინსტიტუტში – „ბი სი ჯი“ დაიწყო; 2012-2013 წლებში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა; 2013-2014 წლებში – თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო; 2017 წელს კი თბილისის საკრებულოს დეპუტატად აირჩიეს.

საკრებულოში „ქურქუმალ ვაითმა“ არაერთი ხმაურიანი სკანდალი მოაწყო. ყველაზე გახმაურებული კი ის ამბავია, 2016 წლის იანვარში რომ მოხდა. იმდროინდელი ქართული ონლაინ მედია ამ თემაზე წერდა:

„საკრებულოში ერთიანი ნაცინალური მოძრაობის წევრ ლევან ხაბეიშვილს სცემეს. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მას რამდენიმე პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

ხაბეიშვილის თქმით, ბიუროს სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გამო სცემეს:

„როგორ გავბედე და დამლაგებლებს რომ 8 ლარი აქვთ ანაზღაურება, ეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში როგორ მოვყევი. პოლიტიკური განცხადების გამო აბსოლუტურად ყველა მისწორდებოდა ფიზიკურად. ეს ლაჩრები წიხლებით, თან, ერთი და ორი კი არა, ასე ჩუმად დამარტყეს და არა ჩხუბის დროს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თვალი, ხელი და ფეხი კი არა, ცხოვრება და ოჯახი მაქვს გადადებული, ვიბრძოლებ ბოლომდე. ერთ კაცს, მე, ლევან ხაბეიშვილს გამისწორდა სრულიად “ქართული ოცნება”. სვავებივით დამესივნენ. ერთი გვარი აქვთ მაგათ – ისინი არიან კონკრეტული ივანიშვილ-კალაძეები” , – ამბობს დეპუტატი.“

როგორც ყველა პოლიტიური ცემა-ტყეპა, ეს ინციდენტიც დავიწყებას მიეცა და… 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა სამგორის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, სადაც ხმების 39.14% (27 506 ხმა) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, არჩევნების შედეგები გაყალბეულად გამოაცხადა და მეორე ტურში მონაწილეობა, ასევე, პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე უარი თქვა. მოგვიანებით, ე.წ. მიშელის დოკუმენტით, ოპოზიციამ საპარლამენტ ცხოვრება დაიწყო და „ხაბეც“, ცხდია, დეპუტატის ამპლუაში მოგვევლინა.

რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც ენმ-ს თავმჯდომარემ 2021 წლის 10 თებერვალს შეავსო. ამ დოკუმენტის მიხედვით, ლევან ხაბეიშვილის საკუთრებაში უძრავი ქონება არ ფიქსირდება და მის მოძრავ ქონებად ითვლება ავტომანქანა “ტოიოტა ჰაილენდერი”, რომელიც 2020 წელს, 7 000 აშშ დოლარად შეიძინა.

ამავე დოკუმენტით, ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, შემოსავლის სახით, 30 873 ლარი მიიღო.

სხვათა შორის, დეკლარაცია ენმ-ს ლიდერმა დარღვევებით შეავსო და ამის გამო ჯარიმაც „აიკიდა“.

„ხაბეიშვილის გარდა, ქონებრივ დეკლარაციებში არსებული დარღვევების გამო, 2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36% დაჯარიმდა,“ – ვკითხულობთ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის განმავლობაში შემოწმებული 377 პირიდან, 39 მათგანი პარლამენტის წევრი იყო. მათგან, ექვსი დეპუტატის დეკლარაცია შეფასდა დადებითად, 27 – დაჯარიმდა, სამი დეპუტატი გააფრთხილეს, სამი დეპუტატის დეკლარაციის მონიტორინგი კი შეწყდა.

ერთ-ერთი დეპუტატი, რომლის ქონებაც უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა, „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ და მაშინ ჯერ კიდევ  პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი გახლდათ. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებლი ანგარიშით, დაჯარიმების მიზეზი ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენა  გახდა. ამასთან, დეკლარაციაში არ იყო მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

2022 წლის თებერვალში, დეკლარაციის შევსების დროს, ხაბეიშვილის სახელფასო ანგარიშზე 9 334 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე კი, ჯამში, 2 179 ლარი ირიცხებოდა. ამასთან, პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 42 412 ლარი, თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე კი, 2021 წლის პირველ ხუთ თვეში, 12 864 ლარი შეადგინა. მასვე უფიქსირდება 23 500 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი.

ასე და ამგვარად, ასეთია ლევან ხაბეიშვილის „ქეისი“. აი, ენმ-ს თავმჯდომარის პოლიტიკური „ქურქუმელ ვაითი“ როგორი იქნებ, ამას დრო გვიჩვენებს.

 

იტვირთბა....