„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ოპოზიციის მიმართებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, ის ოპოზიციისაგან დისტანცირებული ყოფილიყო, ხოლო რაც შეეხება მოსაზრებას, რომ BBC-ის სიუჟეტი დაკვეთილია, დოლიძემ ამას ზღაპარი უწოდა.
„ჩრდილოვანი ბიზნესები ხელისუფლების ძალიან მაღალი ეშელონების ჩართულობის გარეშე ფიზიკურად ვერ ფუნქციონირებს. ვინმეს რომ უნდოდეს თავის ავტოფარეხში რაღაც კომპიუტერების, სერვერების დადგმა, 10 წუთში იქნება იდენტიფიცირებული. ძალიან ცუდია, რომ საქართველო რეპუტაციულად დაზიანებულია. დღეს პირველად არ ვისმენთ საქართველოში ქოლცენტრების არსებობის შესახებ. ძალიან ბევრი საგამოძიებო ჯგუფი ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული იყო, ინტერესდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ბიზნესი, რომელიც ყველაზე მარტივად აღმოფხვრადია, ამდენი წელია ნარჩუნდება ქვეყანაში. ეს არის პრობლემა.
რაც შეეხება მოყვანილ სახელებსა და გვარებს, თუნდაც უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება დასახელება, მაგრამ რეპუტაციულად დამაზიანებელია, ვინც არის ნახსენები. ის, რომ დაკვეთილია სიუჟეტები, ზღაპრებია. დავუშვათ, ვინმეს თუ ჰგონია, რომ კეზერაშვილის ჩართულობა ქოლცენტრების გამო არის პრობლემა ოპოზიციაში, არ ვიცი. როდესაც ვფიქრობდი, რომ არიან ადამიანები, რომელთა დისტანცირება უკეთესი იქნებოდა ზოგადად ოპოზიციისთვის, ამ ყველაფერს სულ სხვა მიზეზები აქვს, ნამდვილად ვერ მივაბამ ქოლცენტრების ამბავს. ამ საქმეს სჭირდება დამტკიცება, ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი სიმართლე დაამატკიცოს“, – განაცხადა დოლიძემ.

