ჟურნალისტი თათია სამხარაძე სოციალური ქსელით 9 აპრილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპერისა და ბალეტის თეატრში მიწვეულ ქალბატონთა სიაში, „პოსტივის“ ჟურნალისტის, ნათია ბერიძის ყოფნას გამოეხმაურა.
სამახარაძემ პრეზიდენტს მიმართა კითხვით, რა ღირსებით მოხვდა ბერიძე სტუმართა შორის.
“ქალბატონო პრეზიდენტო,
თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის კრიტიკულ მომენტში ნამდვილად განმანთავისუფლებელი იყო და მადლიერი ვარ ამისათვის. რეალურად მყისიერი ეფექტი ჰქონდა თქვენს ბრიფინგს და ჩემი სახლის კარიდან ნამდვილად გააქცია ჟურნალისტის პროფესიას ამოფარებული პროვოკატორი, რომელიც ჯერ წერეთლის 67-ში იყო დეკლარირებული მოძალადის შალვა რამიშვილის მიერ მოქსეული ჩემი პირადი ცხოვრების დაუშრეტელი ვნებით შეპყრობილი და შემდეგ ჩემი მშობლების კუთვნილ ბინასთან ჰქონდა ჩასაფრება მოწყობილი, პოსტივის სხვა ჯგუფებთან ერთად.
მათ წინააღმდეგ შსს-ში განცხადება უკვე მაქვს შეტანილი და ვითხოვ გამოძიებას ადევნების მუხლით. ცხადია, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ინსტიტუციის მიერ სამართლიანობის მოლოდინი ნაკლებად მაქვს. თუმცა, მე პირობა დავდე და სამართალს მაინც ვიპოვი, სულ რომ სტრასბურგამდე რკინის ქალამნებით მომიწიოს სიარული!
თქვენს მიერ ორგანიზებული დღევანდელი ღონისძიება თავისი შინაარსით, ნამდვილად გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო. მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უმნიშვნელოვანეს დღეს, 9 აპრილს, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ევროპისკენ სვლის და დეპოლარიზაციის როგორც უმნიშვნელოვანესი წინაპირობის აუცილებლობის მნიშვნელობა. აქვე ვულოცავ Nana Malashkhia და ნანა მახარაძეს დამსახურებულ ღირსების ორდენებს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი უკომპრომისო ბრძოლის მნიშვნელობას! დღეს, თქვენს მიერ მოწვეულ ქალთა სიაში ნამდვილად ღირსეულ უცნობ თუ ნაცნობ ქალებს ეკავათ საპატიო ადგილი.
სამწუხაროდ, მე მაინც არ მტოვებს კოგნიტური დისონანსი და მაინტერესებს, თქვენს მიერ მოპატიჟებულ ქალთა სიაში რა ღირსებით აღმოჩნდა ნათია ბერიძე? — როგორ განმარტავთ დეპოლარიზაციის იდეას თავად; სავარაუდო მოძალადისა და მსხვერპლის ერთ სივრცეში მიპატიჟებით და პროპოგანდისტული ჰიბრიდული ორგანიზააციის თანამშრომლის, რომლის ყოველდღიური საქმიანობა წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდების ბულინგს და ევროპული იდეის დისკრედიტირებას საპატიო სიაში ჩასმით?
თუ თქვენთვის ცალსახა არ იყო, რომ ჩემზე 25 მარტიდან მოყოლებული დევნა ხორციელდებოდა, მაშ რისთვის შეარცხვინეთ ქართული ოცნება, როცა თავადაც ახალისებთ ნათია ბერიძის ქმედებებს მისი ღონისძიებაზე მოწვევით? — მინდა მჯეროდეს, რომ ნათია ბერიძე ღონისძიებაზე მზაკვრულად შემოპარული იყო, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამატებითი განმარტების გარეშე გამიჭირდება დიდხანს ამ იმედის შენარჩუნება.
ფაქტის დასადასტურებლად, აქვე დავურთავ ნათია ბერიძის ფოტოს და გთხოვთ, იქნებ მომეცეს თქვენთან აუდიენცია და უფრო მეტი დეტალი გაგაცნოთ ჩემს საქმესთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ ჩემზე ცილისწამების კამპანია დღემდე გრძელდება — მაგალითად დღეს, 12 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა პოსტივიმ ჩემს ბულინგს…” , – წერს სამხარაძე.
შეგახსენებთ თათია სამხარაძესა და ნათია ბერიძესთან დაკავშირებულ გახმაურებულ საკითხს:
26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ “პოსტივი” იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.
24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში “ჟურნალისტმა” ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.
შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა.
სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, “პოსტივისთან” ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.
თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია “იმედში” ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.