სიმართლე გითხრათ, ერთი სული მაქვს, როდის წავალ სასამართლოდან, ყველაფერ უბედურებას ქვეყანაში, ძირითადად, მე მაბრალებენ, ეს ჩემთვის მძიმე ტვირთია – აცხადებს აშშ-ს მიერ სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე.
„ჩემზე აგორებულია ძალიან ცუდი პიარი, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, არ მეშინია მიუხედავად იმისა რომ ვარ სანქცირებული და ეს გააკეთა ნომერ პირველმა ქვეყანამ, რაც არ არის ჩემთვის მარტივი, ძალიან რთულია, მაგრამ მე ჩემი პრინციპები მაქვს.
როდესაც გაბრალებენ რომ კორუმპირებული ხარ, თან გეუბნებიან, რომ მე არ გეტყვი რატომ ხარ კორუმპირებული და ახლა მე ავდგე და გადავდგე? სად წავიდე, როგორ წავიდე, როგორ უნდა ვიცხოვრო? მე სასამართლოს პოსტს კი არ ვეკიდები, სიმართლე გითხრათ ერთი სული მაქვს როდის წავალ სასამართლოდან, დავისვენებ, სულ მურუსიძის ხსენებაა და ყველაფერ უბედურებას ქვეყანაში ძირითადად მე მაბრალებენ, ეს ჩემთვის ტვირთი არის, მაგრამ როდესაც მეუბნებიან, რომ შენ ხარ კორუმპირებული, თან არ მეუბნებიან რატომ ვარ კორუმპირებული, მეუბნებიან ადექი და წადი, როგორ წავიდე, სად უნდა წავიდე? “,- აღნიშნა მურუსიძემ “იმედის” ეთერში.

