ქართული ღვინის გაყიდვებმა ამერიკასა და ჩინეთში ჯამში 10 მილიონ ბოთლს უნდა მიაღწიოს. ამ შედეგის მიღწევას საქართველოს ხელისუფლება გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ჩინეთში მსგავსი შედეგის მიღწევა შედარებით ნაკლებ დროში 5-7- წელიწადშია შესაძლებელი. ამერიკაში კი ხელისუფლებასაც და ღვინის კომპანიებსაც უფრო მეტი დრო და თანხები დასჭირდებათ სასურველი შედეგის მისაღწევად.
„თითოეული ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, გაყიდვებზე პირდაპირ არ აისახება, მაგრამ მოქმედებს მათზე. წელს ვვარაუდობთ, რომ ჩინეთს მიმართულებით კიდევ გაიზრდება გაყიდვები და 3 მილიონ ბოთლზე უნდა ავიდეთ. 5 წლის წინ ჩინეთში მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი ბოთლი გადიოდა. ჯამში ვფიქრობთ, რომ შორეულ პერსპექტივაში 10 მილიონ ბოთლზე ავიდეთ როგორც ჩინეთში ასევე ამერიკაში“,- აცხადებს გიორგი სამანიშვილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს ჩინეთში 2 მილიონ 672 ათას 154 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, ხოლო აშშ-ში 248 ათას 075 ბოთლი.
წყარო: „კომერსანტი“