არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის უფლებების დასაცავად პირველ ინსტანციას სარჩელით მიმართავს და გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.
ეს გადაწყვეტილება კოალიციამ ყოფილ თავმჯდომარესთან კონსულტაციისა და რამდენიმესაათიანი მსჯელობის შედეგად მიიღო. არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ასევე მოითხოვენ შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესი.
კოალიცია არ გამორიხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი გათავისუფლება თავმჯდომარის პოზიციიდან იყო უკანონო და ადმინისტრაციული წესით, ამასთან დაკავშირებით ვიდავებთ სასამართლოში,“ – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.