სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ნახა 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული მოქალაქე, რომელიც ამბობდა, რომ აქციაში საერთოდ არ მონაწილეობდა. მოქალაქე ყვებოდა, რომ პოლიციას ჰკითხა სახლისკენ რა გზით წასულიყო, რა დროსაც დააკავეს:
“მე ვიყავი წინასწარი დაკავების იზოლატორში და შევხვდი ადამიანებს მეთვითონ, რომლებიც აქციაზე არა თუ რაიმეს აზიანებდნენ, პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, ვნახე ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ საერთოდ აქციაზე არ იმყოფებოდა, მივიდა, ჰკითხა პოლიციელს როგორ წასულიყო სწორი მიმართულებით საკუთარი სახლისკენ და ეს ადამიანიც იქნა დაკავებული”, – თქვა იოსელიანმა.
იოსელიანმა დღეს თქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. იხილეთ: