მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის, როგორც ცნების, რამოდენიმენაირი განსაზღვრება არსებობს (მათ შორის თეოლოგიური და ანთროპოლოგიურიც კი), მისი ძირითადი, ჩვენი ყურისთვის უფრო მეტად ჩვეული და მისაღები, არისტოტელისეული განმარტება შემდეგნაირად ჟღერს: პოლიტიკა არის სახელმწიფოს (პოლისის) მართვის ხელოვნება.
პირველი პოლიტიკოსები, ადამიანები რომლებიც მართვის ორგანიზებას შეეცადნენ და მასში გარკვეული მეთოდოლოგია დანერგეს, ერთმნიშვნელოვნად ჭკვიანი ადამიანები იყვნენ და ერთპიროვნული მართვისგან განსხვავებით, განსხვავებით ერთი კონკრეტული ადამიანის ნება-სურვილზე დამოკიდებული საერთო (შიდა თუ გარე) მდგომარეობისგან, მასში (მართვაში) პლურალიზმის პირველი ელემენტები შეიტანეს.
რა თქმა უნდა ეს ადამიანები ციდან არ ჩამოცვენილან!.. ისინი უკვე ფლობდნენ გარკვეულ გავლენას იმ წრეებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება ითქვას ქაოტურად, მაგრამ მართავდნენ და რა თქმა უნდა არც მართვის სისტემური მეთოდოლოგია შემუშავებულა ერთ დღეში და ერთ საუკუნეში. ეს ადამიანები, არსებული წესების დახვეწასთან ერთად, მათთვის (წესებისთვის) ფართო მოხმარების “პროდუქტის” სტატუსის მინიჭებასაც ცდილობდნენ… კანონისთვის არა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის მორგებული ინსტრუმენტის, არამედ ყველასათვის, ყოველდღიურად და თავისთავად გასაგები მოვლენის სტატუსის მინიჭებას ცდილობდნენ.
მართვა მათთვის ზუსტად ისეთივე საქმიანობა, ისეთივე ხელობა იყო, როგორი ხელობაც დავუშვათ დურგლისთვის ხეზე ან მჭედლისთვის რკინაზე მუშაობა. მათი დიდი ნაწილის კმაყოფილებას მართვის მოქნილი ფორმა განაპირობებდა… მართვის სასარგებლო ფორმის დანერგვა და მისი დადებითი შედეგები განაპირობებდა და არა თავად მართვა, როგორც ძალაუფლების გამოვლინება და მისით ტკბობა. რასაკვირველია სიხარბე და ავსულობა ყველა(!) დროის ადამიანის თანმდევი თვისებაა და პოლიტიკის, როგორც მართვის მეთოდის, საწყის ეტაპებზეც მრავლად იყვნენ ისეთებიც, ვინც მართვის მეთოდებს მხოლოდ თვითგამორჩენის მეთოდებად აღიქვამდნენ და მართვის პროცესშიც მხოლოდ აქედან გამომდინარეობდნენ და ამით ხელმძღვანელობდნენ… ეს ადამიანის ინდივიდუალური, მისი პიროვნული თვისებაა და ასეთი ადამიანი, მიუხედავად მისი წარმომავლობისა და საქმიანობისა, სიმდაბლის ერთი და იმავე ნიშნულზე იდგება . სხვა საქმეა, რომ, დავუშვათ მარტოხელა თერძში, ამან შეიძლება გამოვლინება ვერ ჰპოვოს… თუმცა ჩააბარეთ მას ორი შეგირდი და მათი მუშაობის ასანაზღაურებელი გარკვეული თანხა და რაღაც პერიოდის შემდეგ ნათლად გამოჩნდება მისი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც მართვის სადავეებთან მიშვებული ადამიანის ინდივიდუალური თვისებები.
ტერიტორიების გაფართოვებასთან, მასთან დაკავშირებული მატერიალური სარგებლის მიმზიდველობასთან და მდგომარეობების გარკვეულ სხვა სახეცვლილებებთან ერთად იცვლებოდა საგნებისადმი მიდგომები… იცვლებოდნენ პოლიტიკოსებიც. პოლიტიკა, ნელ-ნელა და ეტაპობრივად, სრულყოფას განიცდიდა… თუმცა “სრულყოფა” თავისუფლად შეიძლება ბრჭყალებშიც ჩაისვას.
პოლიტიკოსების ის კატეგორია, რომელიც პოლიტიკის, როგორც ცნების, სათავესთან იდგა და რომელიც მართვის, როგორც სახელმწიფოს სტაბილურობის, იდეას ემსახურებოდა, ნელ-ნელა და ეტაპობრივად ჩაანაცვლა პოლიტიკოსების ხარბმა, ავსულმა კატეგორიამ… კატეგორიამ, რომლის მთავარი პოლიტიკური მიზანიც, უკეთეს შემთხვევაში, სხვის სახელმწიფოში საკუთარი სახელმწიფო დროშის აღმართვა გახდა… უარეს შემთხვევაში კი საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობისთვის ბორკილების დადება, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. სხვანაირად რომ ვთქვათ – ადამიანის იმ დამპყრობლურ, სხვისი კეთილდღეობის მომხვეჭებლურ, დესპოტურ, მახინჯი სიველურით განპირობებულ და ყველანაირად გაუმართლებელ ლტოლვას, თანამედროვე და “პოლიტიკურად მოაზროვნე” ადამიანმა პოლიტიკურივე სარჩული მოარგო და წარსულის ადამიანის იმ ქმედებებს, რომელთაც თავადვე აფასებს სიმახინჯედ, პოლიტიკური სვლები და გადაწყვეტილებები უწოდა.
სახელმწიფოთა მართვის ასეთმა “მოღრეცილმა” და დაუშნოვებულმა ფორმამ, დროთა განმავლობაში, მართვის მისი და მისთვის აუცილებელი კალაპოტი შექმნა; კალაპოტი, რომელში დინებასაც განსაზღვრული წესები აქვს; წესები, რომლებიც არაფერს არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესების გარდა; ინტერესების, რომელთა ერთადერთი მამოძრავებელი ძალაც მატერიალური კეთილდღეობაა… ნებისმიერი, ყველაზე ამაზრზენი მეთოდით მიღწეულიც კი. საინტერესო კი ის არის, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობის თავებში ამგვარი მეთოდების გამართლება სულაც არ წარმოადგენს სირთულეს. “ეგრეც უნდა იყოს!.. პოლიტიკაა, საბავშო ბაღი ხო არა?!” გაიფიქრებს მავანი, გულდამშვიდებული და აზრმინავლებული გვერდს შეიცვლის და ხვრინვას ამოუშვებს.
საზოგადო მოღვაწეები (პირველი პოლიტიკოსები), ბრძენი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკის სათავეებთან იდგნენ და იმთავითვე საზოგადოების ლამაზად და გამართულად მოწყობისკენ, იდეის სრულყოფისკენ ისწრაფვოდნენ, ჩაანაცვლეს სახელმწიფო მოხელეებმა (თანამედროვე პოლიტიკოსებმა), ხარბმა და ავსულმა ადამიანებმა, რომელთა ერთადერთი მიზანიც სახელმწიფოს ძალაუფლების მასშტაბისა და მისი კონცენტრაციის ზრდა იყო; სხვა სახელმწიფოებზე გავლენის, უკეთეს შემთხვევაში მშვიდობიანი, უარეს შემთხვევაში ძალისმიერი, ზრდა იყო… რაც რასაკვირველია, გარკვეულწილად, მათ სახელმწიფოში მცხოვრებთა მატერიალურ კეთილდღეობაზეც აისახებოდა, ოღონდ იმავდროულად, გამიზნულად თუ ნაკლებად გამიზნულად, სახელმწიფო მათ, მათ შვილებსა და მომავალ თაობებს უნერგავდა აზრს, რომ პოლიტიკა მხოლოდ კონკრეტულ და უფრო მეტად მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული დარგია, მხოლოდ მას ემსახურება და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არსებობს მისი კულტურულ-საგანმანათლებლო განშტოებებიც, ის ზნეობრივ-მორალურ ასპექტებს არ უნდა შეიცავდეს – დღემდე ამ, და მხოლოდ და მხოლოდ ამ მიდგომით ხელმძღვანელობს ჩვენი თანამედროვეობის პოლიტიკოსი და პოლიტიკოსობის მსურველი.
დღეს, რეალური ძალაუფლების მქონე, რომელი პოლიტიკოსის ბაგესაც არ უნდა მოსწყდეს სიტყვები ზნეობასა და კეთილშობილების შესახებ, იცოდეთ რომ იტყუილება… ის მიმართავს საგნებისადმი ადამიანთა მიდგომის იმ საწყისებს, სადაც კარგი და ცუდი უკვე განსაზღვრული და მკაფიოდ გამოკვეთილია… ის თამაშობს ადამიანთა იმ ფასეულობებით, რომლებიც საკუთრივ ადამიანის პირველადი საშენი მასალაა და ჩვენი თანამედროვეობის პოლიტიკოსიც, როგორც განსაკუთრებულად ცბიერი არსება, ამას მიზნობრივად და დანიშნულებისამებრ იყენებს.
ვგონებ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ის, რომ “პოლიტიკოსში” ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებიც პროცესებს მეტ-ნაკლები დამოუკიდებლობით მართავენ და აკონტროლებენ. ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ადამიანები კი პლანეტის თითებზე ჩამოსათვლელ სახელმწიფოებს გააჩნია და ამდენად საქართველო, “მისი პოლიტიკა” და “პოლიტიკოსები” ამ სათვალავში არ შედიან… არ შედიან მიუხედავად იმისა, რომ ისინიც პოლიტიკოსის “ღირსეულ” წოდებას ატარებენ.
ჩვენ და ჩვენნაირ სახელმწიფოებს მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სახელმწიფოების, და ესე იგი დამოუკიდებელი პოლიტიკოსების, მიერ შერჩეული კარგი, ან ცუდი, შემსრულებლები განაგებენ და ამდენად თავად მართულების მმართველებად მოხსენიება ოდნავ გამიჭირდება. მათი ძირითადი მისწრაფებები (იშვიათი გამონაკლისების გარდა) მეტად და მეტად პროზაულია და სადღაც პირენეის ნახევარკუნძულზე (პირობითად) აგარაკის ფლობის სურვილითა და წყურვილით შემოიფარგლება. მათ მნიშვნელოვან(!) პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში რა თქმა უნდა “მათ” ზედმეტია და მხოლოდ “მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები” გვრჩება, რომლებიც მათი ნამდვილად არ არის… თუმცა თანამედროვე პოლიტიკოსის ყველა ის უარყოფითი თვისება, რომელიც ზემოთ აღვწერე რასაკვირველია მათაც გააჩნიათ და ზოგადად პოლიტიკისადმი მათი მიდგომაც რა თქმა უნდა თანამედროვე და რეალური პოლიტიკოსების პოლიტიკისადმი მიდგომის თანხვედრია.
P.S. პოლიტიკის გარეშე, პოლიტიკური მართვის, მისი მეთოდოლოგიის გარეშე, ადამიანის ცხოვრება იმდენად რთული იქნებოდა, რამდენადაც წარმოუდგენელი და შეუძლებელი. იგივე არისტოტელე ამბობს – “ადამიანი, თავისი ბუნებით, პოლიტიკური არსებაა. ის, ვინც თავისი ბუნებიდან გამომდინარე, და არა შემთხვევითი გარემოებებიდან, სახელმწიფოს მიღმა ცხოვრობს, ან განუვითარებელია, ან ზე-ადამიანი.”
გამომდინარე იქიდან, რომ ზე-ადამიანობამდე ადამიანებს კიდევ ძალიან ბევრი გვიკლია, სახელმწიფო და სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური მართვა დაახლოებით ისეთივე აუცილებლობიდან გამომდინარეობს, როგორი აუცილებლობიდანაც აზრის გამოსათქმელად სიტყვის გამოთქმა. ამდენად პოლიტიკა ნამდვილად არ არის ბინძური საქმე… ის აუცილებელი საქმეა!.. აუცილებელი საქმეა, თუმცა დღეისათვის და პლანეტარული მასშტაბით ხარბი და ავსული ადამიანების მიერ ოკუპირებული.
…და ბოლოს, მერი შელის, კაცობრიობის ნაცვლად ნათქვამი, სიტყვები მინდა გავიმეორო: ყველაზე დამღუპველი შეცდომა, რომელიც კი მსოფლიოში დაშვებულა, პოლიტიკური მეცნიერების ზნეობრივისგან განცალკევება იყო.
ვასო შონია