ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სისხლიანი ბანერების შემდეგ, ქალაქი “ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშების” პლაკატებით აჭრელდა

თბილისში, რამდენიმე უბანში დილიდან გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებზეც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები არიან გამოსახულები. პლაკატს აწერია “უსამშობლო მოღალატეები”; “ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები”.

პლაკატზე გამოსახულია ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, რომელიც 2 მარტს პარლამენტში “რუსული კანონის” განხილვას ესწრებოდა, დეპუტატები თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია.

ასევე აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირი “რუსულ კანონს” ეწინააღმდეგება.

დღეს, 6 მარტს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასული პირების მიერ ინიცირებულ “რუსულ კანონპროექტს”. “ხალხის ძალამ” კრიტიკის შემდეგ “აგენტებზე” მეორე კანონპროექტიც დააინიცირა, რომელიც, მათი მტკიცებით, ამერიკული კანონის ანალოგია.

“ქართული ოცნებაც” და “ხალხის ძალაც” აპირებს, რომ პირველი მოსმენით ორივე კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. განხილვა დღესაც პროტესტის ფონზე გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე იმართება აქცია.

იტვირთბა....