ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

რეპორტაჟი საავადმყოფოდან: პოლიტიკოსებმა პეტრიაშვილს რესპუბლიკურში მიაკითხეს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ წევრ ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ წუთებში ოპერაცია უკეთდება. იქ შეკრებილი არიან პეტრიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და პოლიტიკოსები, როგორც პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ , ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ქართული ოცნებიდანაც“.

IMG_7219

„მეტრონომთან“ საუბრისას ალექსი პეტრიაშვილის მეუღლის, ეკა მიშველაძის ნახევარ ძმამ გიორგი ებანოიძემ განაცხადა, რომ პეტრიაშვილის თქმით მას უთვალთავალებდნენ, წერდნენ, მაგრამ მისთვის უცნობია თუ ვინ იყვნენ ეს პირები. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ თვალთვალის ნიშნები აღარ შეინიშნებოდა, ამიტომაც მათ ამაზე ყურადღება აღარ გაუმახვილებიათ.

კომენტარი გააკეთა პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძემაც, რომელმაც განმარტა, რომ მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია არ ფლობს და სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ადგილზე მისული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ბაქრაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი ფაქტები უკვე ძალიან ხშირია და ეს დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია.

IMG_7256

„უკვე დღე არ გადის ისე, რომ არ გავიგოთ რამე ძალიან მძიმე კრიმინალური შემთხვევის შესახებ. ეს ყველაფერი არის შედეგი, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, დაუსჯელი ძალადობის, წახალისებული კრიმინალის, ციხეებიდან ხალხის გამოშვების და მთავრობის, რომელსაც არ შეუძლია ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, პეტრიაშვილს ჭრილობები ქვედა კიდურების არეში აქვს მიყენებული, დაზიანებები კი თავის არეში ბლაგვი საგით აღენიშნება.

IMG_7278

„სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მას არ აქვს. სავარაუდოდ, თავის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აქვს, მაგრამ თავის ტვინი დაზიანებული არ არის“ – განაცხადა სოფრომაძემ.

პრეზიდენტის მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მალე შეიტყონ.

IMG_7288

„ძალიან მძიმეა, როდესაც ადამიანზე დღისით-მზისით თავდასხმა ხორციელდება, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსზე, ოპოზიციონერზე. თუ რა ვითარებაშია აღნიშნული დანაშაული ჩადენილი, ამის ბევრი სამხილი არსებობს, ამის დადგენა სამართალდამცავ ორგანოებს არ უნდა გაუჭირდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხდართან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია მალე შევიტყოთ“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

IMG_7232

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის, ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. შსს-ს ცნობით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასასფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....