ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფორმულას” ოპერატორებმა დათმობაზე წასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ ტელევიზიის ხელმძღვანელობა მათ სამსახურში აღარ აბრუნებს – “მეტრონომის” ექსკლუზივი

ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაფიცვა შეაჩერონ და სამსახურში დაბრუნდნენ, რადგან ხელმძღვანელობა დათმობაზე წასვლას არ აპირებდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტელევიზიაში მათი ადგილი აღარ არის – ამის შესახებ “მეტრონომს” წყარომ აცნობა.

როგორც ანონიმური პირი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ოპერატორებმა ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, დაუბრუნდნენ სამსახურს და ხელფასთან დაკავშირებული მოთხოვნები დროებით გადადონ, თუმცა, ხელმძღვანელებისგან მიიღეს პასუხი, რომ 25 გაფიცული ოპერატორიდან მხოლოდ 12 დაუბრუნდება სამსახურს, დანარჩენი კი გათავისუფლებულია. ამის პარალელურად, მენეჯმენტი უარს აცხადებს ოპერატორებთან კოლექტიურ საუბარზე და თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს (სავარაუდოდ, მხოლოდ მათთან, ვისი დატოვებაც აქვთ გადაწყვეტილი).

წყარო ასევე გვიყვება, რომ, გარდა ხელფასის მომატებისა, ოპერატორები იმ დამოკიდებულების გამოსწორებას ითხოვდნენ, რომელიც მათ მიმართ უსამართლოდ არსებობა და რის გამოც მათ, ხშირ შემთხვევაში, სტრესულ სიტუაციაში უწევდათ მუშაობა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ტელევიზიის სხვა თანამშრომლებს უკრძალავენ ნიუსის ოპერატორების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებას და მათ სამსახურიდან გათავისუფლებით აშანტაჟებენ. რაც შეეხება გადაღებებს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სტუდიისა და პროდაქშენის ოპერატორებს გზავნის სხვადასხვა ამბების გასაშუქებლად.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს “ფორმულას” მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც მენეჯმენტი წერდა, რომ ოპერატორებს კარგი ხელფასი და სამუშაო გარემო ჰქონდათ, “მეტრონომის” წყარომ კი მას “შელამაზებული ამბავი” უწოდა და თქვა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას საზოგადოებას აწვდიან.

იტვირთბა....