ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა “ჯიდიესის” დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა მასთან დაკავშირებულ, მიმდინარე აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ხეების გადარგვასთან დაკავშირებითაც. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდში ხშირად ურეკავდა მას სხვადასხვა საკითხზე და ერთ-ერთი იყო თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღები და მათი პრივატიზაცია:
“სააკაშვილი ხშირად მირეკავდა და … გახშირებულად დაიწყო რეკვა თბილისის ბოტანიკურ ბაღზე. მერე ბათუმიც მოაბა მაგას. ვერ გავიგე რა უნდოდა დიდხანს. მერე ვკითხე, რა გინდა-მეთქი, რომ გამაწვალა, რამდენიმე ზარი ზედმეტად გააკეთა. გასხვისება უნდოდა, ერთის თუ მეორის, თუ რაღაც გეგმები ჰქონდა, მე ვუთხარი, რომ ეს არის საერთო მოხმარების და არ შეიძლება ამაზე საუბარი, მე ამ საუბარში არ შემოვალ. ბოლო-ბოლო რა გინდაო, ერთ-ერთი აირჩიეო, ერთი შენი იყოს, ერთი- ჩვენიო. რა უნდა იყოს შენი, ან ჩვენი რა უნდა იყოს, გინდა თბილისის აირჩიე, გინდა ბათუმის… მე ვუთხარი, მაგას როგორ ვიკადრებ, ბოტანიკური ბაღი გავითავისო. მერე მეორე კუთხიდან მიუდგა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადმომირეკა, რომ ჩვენ გვინდა მაგის პრივატიზაცია, და შენც თუ მიიღებ პრივატიზაციაში მონაწილეობას… მე ვუთხარი, მე არ მივიღებ, მაგრამ შევხედავ, რომ უხეშად რაღაცას აკეთებთ, რომ მათ ფუნქცია დაკარგონ, ასეთ შემთხვევაში მივიღებ, ვიყიდი, მაგრამ იმ წუთშივე სახელმწიფოს დავუბრუნებ საჩუქრად. მეტი საუბარი მე არ მქონია. მერე, აჭარაში ამბობდნენ ჭორად, რომ მას უნდოდა რეზიდენციის აშენება, რაღაც სახლების ჩადგმას აპირებდნენ. საკმაოდ დიდი გავლენა მქონდა მაშინ მთელ მთავრობასა და პარლამენტზე, დასამალი აღარ არის, რამდენჯერმე ითქვა. მე ამას ვმალავდი, რომ ვეხმარებოდი. მგონია, რომ ეს პროცესი შევაჩერე.
კონკრეტულად რაც შეეხება ამ ხეებს და ბუნებასთან დაკავშირებულ თემებს, როდესაც გაჭირვებულ ქვეყანაში ასეთ რაღაცეებს აკეთებ, მაინც ჩემი მხარდამჭერებისთვის და ხალხისთვის, ვისაც პატივს ვცემ და ვინც პატივს მცემს, განმარტებას გავაკეთებ, რომ მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა, ჩასაცმელი ან სხვა კომფორტი არ გამაჩნია ისეთი, რომ მომერიდოს, მე მაქვს ეს გატაცება, არც-ერთ შემთხვევაში თავს უფლებას არ მივცემ, რომ ამით ვინმე დავაზიანო. კითხვას, ვისაც გააჩნია, მე ვეთანხმები, რომ შეიძლება გადაჭარბებული იყოს, ამდენ თანხას რომ ვხარჯავ ხეების გადატანასა, დარგვასა თუ ჩამოტანაზე. “-განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.