ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მინისტრების გადანაცვლებით ვაი არ იცვლება“: რომელი მინისტრი რჩება თამაშგარეთ?

თანამდებობას დატოვებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მის პოსტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძეს მისი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ჩაანაცვლებს, ჯანელიძე კი ეკონომიკის სამინისტროს ჩაიბარებს. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეცვლის – ეს იმ მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების სიაა, რომელიც მედიასაშუალებებით გავრცელდა და რომელიც სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იგეგმება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ცვლილებების თარიღი ცნობილი ჯერ არ არის. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მინისტრების გადანაცვლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„მე კალენდარულად არ ვიცი მარტში არის ეს დაგეგმილი, თუ აპრილში, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას მთავრობის ხელმძღვანელი იმ აუცილებელ ცვლილებებზე, რომელიც სჭირდება მთავრობას უფრო ეფექტური მუშაობისთვის, ეს თარიღი არ არის ცნობილი ჯერ, მაგრამ ალბათ, ცნობილი გახდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ჩვენ გვახსოვს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოსვლისას გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ ის გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „მეტრონომი“ პოლიტოლოგებსა და პოლიტიკოსებს დაუკავშირდა, როგორც მმართველი გუნდიდან, ასევე ოპოზიციიდანაც.

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის ამ ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა მმართველობის კრიზისის არსებობაა და სახელების, გვარების შეცვლა შიდა რესურსიდან არაფერს ცვლის.

„მე არ მიმაჩნია საერთოდ ეს მნიშვნელოვნად და საინტერესოდ ასეთი ტიპის გადაადგილებები, ეს უფრო შიდა გადაჯგუფფებას გავს, ვიდრე სისტემურ ცვლილებებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ზოგადად მმართველობითი სისტემის კრიზისი გვაქვს, მთლიანად მართვის ფილოსოფია უნდა გადაიხედოს. ეფექტურობის ამაღლების თვალსაზრისი, გადაწყვეტილების მიღების უნარის თვალსაზრისით, სისტემური, მასშტაბური გადაწყვეტილებების  თვალსაზრისით, აი ამ კუთხით ვუყურებ მე უფრო მთავრობის რეფორმას და არა საკადრო კარუსელებით. აქედან გამომდინარე, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. მთავარია სისტემურად რა იცვლება, თორემ სახელების და გვარების შეცვლა, თან შიდა რესურსიდან არაფერს არ ცვლის, თუკი მთლიანად მიდგომები არ შეიცვალა. შეიძლება შიგნით, სახელისუფლებო გაგებით სიმძიმის ცენტრებს ცოტათი ანაცვლებს, მაგრამ სახელმწიფოებრივი გაგებით, ამით არაფერი იცვლება თუ მმართველობითი კრიზისი არ გადაილახა“ – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ წევრს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ოფიციალურად ცვლილებების შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა იმასაც ამბობს, რომ როდესაც ქვეყანაში ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს, ის ხსნის და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრებს და მინისტრებს ისე, როგორც მოესურვება, არავინ არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში.

„როდესაც ქვეყანაში ვიცით, რომ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს და იგი ხსნის და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრებს და მინისტრებს ისე, როგორც მოესურვება, შესაბამისად, არავინ არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, პირველ რიგში, მთავრობა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები არ არის. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პოსტზე იქნება და არანაირი ცვლილება არ ხორციელდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის უფრო პროფესიონალი, ვინ არის უფრო გამოცდილი და ვინ უფრო კარგად გაუძღვება საქმეს, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ არის უფრო მორჩილი და ვინ უკეთ შეასრულებს იმ დავალებებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მთავრობის, პრემიერ-მინისტრის და შესაბამისად, მინისტრების მიმართ აქვს. ეს შეიძლება ითქვას ყველა აქამდე განხორციელებულ ცვლილებაზე და თუკი აწი ცვლილებები განხორციელდება, ასეთი იქნება მათი ახსნაც. ამიტომ, მე რასაკვირველია, არცერთ კონკრტულ სახელსა და გვარზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ცვლილების შესახებ ოფიციალურად ცნობილი არ არის.

ნებისმიერი ასეთი კოსმეტიკური ცვლილება, რომელსაც არსებითი გარდატეხის მოტანა არ შეუძლია, ტრადიციულად ხორციელდება ხოლმე  არჩევნების წინ, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ამბავი მოხდება თუ – არა, არანაირი კოსმეტიკური ცვლილება „ქართულ ოცნებას“, რომლის შიგნითაც ამდენი დაპირისპირებაა, ამდენი გაუგებრობა და ამდენი ერთმანეთის ვერატანაა, ვერ უშველის და ვერ მოაგებინებს არჩევნებს“- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ „მეტრონომთან“.

„მეტრონომი“ ასევე დაუკავშირდა პოლიტიკური იდეების ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას, რომელიც თვლის, რომ ცვლილებებისთვის კალენდარულად ძალიან ადრეა და ეს ოდნავ გვიან შეიძლებოდა გაკეთებულიყო, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამ სახის ცვლილებებით მთავრობა ახალს მაინც ვერაფერს შემოიტანს.

„საერთოდ, საკადრო ცვლილებებს ყოველთვის ორი უმთავრესი სარგებელი აქვს, ერთი მხრივ ეს არის მართლაც რაღაცის შეცვლა და ახალი ენერგიის შემოტანა. ძალიან მეეჭვება, რომ ეს იყოს ამჟამინდელი ადმინისტრაციის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი დღეს და მეორე ტიპის სარგებელი, რაც ტრადიციად აქვს საკადრო ცვლილებას ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი. ვფიქრობ, ამით არაფერი ახალი არ შემოაქვთ, უბრალოდ ერთგვარი კარუსელის პრინციპით თამაშობენ. ამომრჩევლებს გვეტყვიან, რომ აი, ვცვლით რაღაცას, შესაბამისად, შეიძლება დავფიქრდეთ, რომ მათ ხმა ხელახლა მივცეთ. ვფიქრობ, რომ ამისთვის კალენდრულად, ძალიან ადრეა, ეს ოდნავ უფრო გვიან შეიძლებოდა გაკეთებულიყო“ -აღნიშნა გეგელიამ.

ის გამოყოფს სამ უწყებას – საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თავდაცვის სამინისტროს და ამბობს, რომ უფრო დადებითი და ქვეყნისთვის სასიკეთო ძვრები ამ სამმა სამინისტრომ განახორციელა. გეგელია საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის ხშირად შეცვლაზეც და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ყველაზე ნაკლები ძვრა გვჭირდება.

„სახელმწიფოს მმართველი გუნდი ასეთი სიხშირით არ უნდა იცვლებოდეს, ეს არ აისახება კარგად ინტიტუციურ სტაბილურობაზე. მაგალითად, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახდა, იქიდან მოყოლებული სულ რაღაც ერთ კვირაში საუბარი მიდიოდა მის შეცვლაზე. ეს ყველაფერი კომიკურია. კარგად მახსოვს, რომ როდესაც მე ამის თაობაზე პირველად მოვისმინე, ხუმრობა მეგონა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ქვეყანაში უფრო ფაქიზია, იმიტომ, რომ მოგეხსსენაბთ, ეს სამინისტრო ქვეყნის საგარეო კურსის გამტარებელია. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ეს საქართველოა, სადაც საგარეო ორიენტირს ყველაფერ სხვასთან შედარებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ქვეყანაში საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა იყოს დანიშნული. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტით თამაში არის ყველაზე ინფანტილური რამ რასაც შეიძლება ვაკეთებდეთ, როგორც სახელმწიფო. მე მგონია, რომ ზუსტად ამ მიმართულებით, ჩვენ ყველაზე ნაკლები ძვრა გვჭირდება“ – აღნიშნა გეგელიამ.

ის ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ურჩევს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არ გახდეს, რადგან ეს მის სამოქმედო არეალს ძალიან სერიოზულად შეზღუდავს.

როგორც „მეტრონომს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა განუცხადა, ამ მთავრობაში არანაირ სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავრობა  ბიძინა ივანიშვილის მომსახურე პერსონალია.

„როგორც ერთ-ერთი პოლიტიკაში ფრიად განსწავლული ადამიანი იტყვის ხოლმე, „მინისტრების გადანაცვლებით ვაი არ იცვლება“. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არანაირ სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა ამ მთავრობაში, რადგან მთავრობა წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მომსახურე პერსონალს – ვინ უკეთესად მოემსახურება მას და არა საზოგადოებას. კონკრეტული ნებისმიერი გადანაცვლება არის დაკავშირებული იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილს  მიზნები გარკვეული მიმართულებით აქვს. ვიღაცამ მისია ბოლომდე ან ეფექტურად არ შეასრულა, ან შესაძლოა, უნდათ არჩევნების წინ  რაღაც განახლების ილუზია შექმნან. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილები, მისწრაფებები, არ იცვლება. ამიტომ, პრინციპულად არ აქვს მნიშვნელობა რომელი მინისტრი იქნება. მეტიც, თუ თქვენ გამოიკითხავთ პოლიტიკურ სპექტრში და დაუსვამთ კითხვას, რომელიმე მინისტრზე, მე დარწმუნებით გეუბნებით, რომ ბევრი მათგანის გვარებიც კი არ ახსოვთ პოლიტიკურ ელიტაში და არც იციან. იმიტომ კი არა, რომ ცუდი მეხსიერება აქვთ, იმიტომ რომ საინტერესო არც არის. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ცოტა ხნის მერე ღარიბაშვილიც კი არ გაახსენდეთ. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ პოლიტიკური რეპუტაცია, რაც იქნება შემაფერხებელი ფაქტორი იმისა რომ არ შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის არაადექვატურ მოთხოვნას“ – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ის მმართველი არ არის, რომელსაც ვასალის ვასალი სჭირდება.

„იგივე კვირიკაშვილი თავის დროზე, როდესაც ის იყო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, გაცილებით გავლენიანი ფიგურა იყო ეკონომიკის მიმართულებით, ვიდრე ღარიბაშვილი. იგივე სერგეენკო, ან კიდევ სხვები იყვნენ გაცილებით უფრო გავლენიანები თავის სფეროშიც და თავის მიმართულებითაც,  ვიდრე იყო ღარიბაშვილი. ამჯერად ერთ ვასალებს ცვლის მეორე ვასალები“ – აღნიშნა სერგო რატიანმა.

მმართველი გუნდის წევრმა ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ ეს ყველაფერი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მოარული ხმებია და თუ კი ეს მოხდება, კვირიკაშვილის გადასაწყვეტია.

„ჩვენ მას ვენდეთ და მივეცით ხმა. არ ყოფილა შემდეგ ისე, რომ ის უნდა შეგვითანხმდეს ჩვენ ვის და როგორ შეცვლის. ეს მისი პასუხისმგებლობაა.  მას თუ მიაჩნია და საჭიროდ თვლის, რომ ახლა რაიმე ცვლილებები აუცილებელია, განახორციელებს. შეიძლება ცვლილებები მოხდეს. ის ახლა შიგნით განვითარებულ პროცესებს უყურებს და ყველაზე უკეთ მან იცის. შეიძლება ჩაითვალოს კიდეც, რომ ამ ეტაპისათვის რაიმე ცვლილება სასარგებლო არ იყოს. ეს არის აბსოლუტურად მისი პრეროგატივა და ალბათ თავად გაახმოვანებს, როცა საჭირო იქნება“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, მმართველ გუნდში ცვლილებები მართლაც მოხდება და ეს ეკა ბესელიამაც დაადასტურა. თუ მოვლენები იმ თანმდიმდევრობით განვითარდა, როგორც ეს მედიაშია გავრცელებული, გამოდის რომ თანამდებობებზე შიდა გადათამაშებების გათვალისწინებით, თამაშგარედ მხოლოდ ხადური და მღებრიშვილი რჩებიან. როგორც რესპოდენტები ამბობენ, ისინი წინასაარჩევნოდ მხოლოდ განახლების ილუზიას შექმნიან და როგორც ჩანს, რაიმე არსებითი ცვლილებების მომსწრე ვერ გავხდებით.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....