გამოცემა “ბანკები და ფინანსები” დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – პრობლემურ სესხებს ეხმიანება და იმ ამომღებ კომპანიებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც კლიენტებს ურეკავენ და ხისტად, ხშირად, უკანონოდ ემუქრებიან.
გამოცემა წერს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ზეპირ შეთანხმებაში შესვლა სესხების ამომღები კომპანიების წარმომადგენლებთან.
“მოვალეთა რეესტრის ნეგატიურ სიაში ჩანაწერთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ინსტიტუტებთან პრობლემა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს.
ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში თანხობრივად პრობლემური სესხები 5%-ს არ აღემატება. პრობლემური სესხების 80%-ზე მეტი 1000 ლარზე ნაკლებია, ანუ ბანკებთან პრობლემა აქვს ყველაზე დაბალშემოსავლიან კლიენტებს. ერთი სიტყვით, პრობლემას უფრო სოციალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.
ქართულ ბანკებში მიღებული პრაქტიკის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრობლემური სესხი სპეციალურ სამსახურებს გადაეცემათ, რომლებიც პრობლემურ მსესხებელს სესხის დაბრუნებას აიძულებენ.
კერძო საფინანსო საკრედიტო კომპანიებს, რომლებიც პრობლემური სესხების ამოღებას უზრუნველყოფენ, ხშირად შეცდომაში შეჰყავთ კლიენტები.
საქართველოში ყველაზე მსხვილი კომპანიები, რომლებიც პრობლემური სესხების ამოღებაზე მუშაობენ შპს ,,ტრიბა” და შპს ,,საკრედიტო ბიუროა”, საერთო ჯამში ასეთი კომპანიების რაოდენობა ათამდეა. მათი უმრავლესობა ახალდაფუძნებულია და ონლაინსესხების გამცემ კომპანიებს ემსახურება.
მიღებული პრაქტიკის თანახმად, ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები არიან, უკავშირდებიან პრობლემურ კლიენტებს და ერთგვარ შანტაჟს მიმართავენ მათ წინააღმდეგ, ემუქრებიან სასამართლოთი, ქონების გაყიდვით და ათასგვარი პრობლემის შექმნით, რის შემდეგაც შეშინებული კლიენტი შედის მათთან გარიგებაში და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იწყებს თანხის გადახდას.
კლიენტის მოტყუება და შეცდომაში შეყვანა, ძირითადად, სწორედ ამ დროს ხდება. ხსენებულ ორივე კომპანიაში მიღებული პრაქტიკის თანახმად, ამ კომპანიის წარმომადგენლები კლიენტებს არ უზუსტებენ, თუ რა თანხა აქვთ გადასახდელი ვალდებულების სრულად დასაფარად და არ უფორმებენ არანაირ ხელშეკრულებას, რაც მათ საშუალებას აძლევთ ნებისმიერ დროს შეცვალონ გადასახდელი თანხის მოცულობა და ყველა სხვა პირობა.
რაც მთავარია, მსგავსი ქმედების საშუალებას მათ აძლევთ კლიენტის გაუთვითცნობიერება და უფლებების არცოდნა. შედეგად, ხშირად ხდება ისე, რომ მსესხებელი, რომელსაც აქვს ვალდებულება იხდის იმაზე რამდენიმეჯერ მეტს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ არ აყვება მსგავსი კომპანიების შანტაჟს და დაიცავს საკუთარ უფლებებს.
რა არის პირველი და უმთავრესი, რაც ამ კომპანიებთან ურთიერთობაში კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს: არავითარ შემთხვევაში არ უნდა იურთიერთოს მათთან ადვოკატის, ან იურისტის კონსულტაციის გარეშე. თუ ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა კლიენტს არ აქვს, ამ შემთხვევაში გადასახდელი თანხის დაზუსტება და წერილობითი ფორმით ვალდებულებების განსაზღვრა უნდა მოხდეს სასამართლოში.
კლიენტმა თანხა არ უნდა გადაიხადოს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ამ შემთხვევაში მას აუცილებლად შეუცვლიან პირობას და მოუწევს მეტის გადახდა, ვიდრე პირველადი ზეპირი შეთანხმებით.
კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლო არ არის სადამსჯელო სისტემა, მას იქ არავინ დასჯის. მიღებული პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პრობლემურ კლიენტს დააკისრებს ძირი თანხის და პროცენტის სრულად გადახდას და დაკისრებული ჯარიმის 10%-ს.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გაფორმდება წერილობითი შეთანხმება და შეთანხმებულ თანხას აღარ დაერიცხება პროცენტი და საურავი. შესაძლებელია, კლიენტს დაეკისროს სასამართლოს ბაჟის გადახდა. თუმცა, ეს თანხა იმდენად მიზერულია, იმ თანხასთან შედარებით, რომლის გადახდაც შპს ,,ტრიბას” ან შპს ,,საკრედიტო ბიუროსთან” ზეპირი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მოუწევს, რომ გაცილებით ნაკლებ ზარალს განიცდის.
ასე რომ, ნუ დაუშვებთ სხვების მიერ უკვე მრავალგზის დაშვებულ შეცდომას, არ შეხვიდეთ ზეპირ გარიგებაში შპს ,,ტრიბას” ან შპს ,,საკრედიტო ბიუროს” წარმომადგენლებთან, ისინი აუცილებლად მოგატყუებენ და დაგაზარალებენ. დაიცავით საკუთარი უფლებები სასამართლოში.
bfm.ge