ხარკოვში ისევ საჰაერო განგაშია. რუსეთმა ერთ დღეში უკვე მეორედ შეუტია ქალაქს. მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, ისმის აფეთქებების ხმა.
მისივე თქმით, ოკუპანტები ინფრასტრუქტურულ ობიექტებს უტევენ. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
“ხარკოვს ისევ ურტყამენ. ახლა ინდუსტრიულ ოლქში ინფრასტრუქტურა დარტყმის ქვეშაა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – ამბობს ტერეხოვი შეტყობინებაში.
დღეს, 29 დეკემბერს, დილით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, რუსები სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტებით სხვადასხვა მიმართულებით თავს დაესხნენ უკრაინას. ასევე დაფიქსირდა ოკუპანტების ტაქტიკური ავიაციის მაღალი აქტიურობა.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის დროს უკრაინის რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დილის მასიური სარაკეტო შეტევისას გამოყენებული იყო 69-ზე მეტი რაკეტა, საიდანაც 54 გაანადგურეს.