რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა.
“კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (თაღლითობა განსაკუთრებით დიდი მასშტაბით). გარდა ამისა, დედაქალაქის სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეარჩია“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.