საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 3 დღის წინ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მანუჩარ გულიტაშვილი თავისუფალია.
სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
მათივე განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.