ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის გაიხსნება მეტრო “გოცირიძე” – რას აცხადებს კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე უკმაყოფილოა იმ კონტრაქტორი კომპანიის მუშაობით, რომელიც თბილისის მეტროს ერთ-ერთ სადგურს, “გოცირიძეს”, რამდენიმე თვის განმავლობაში არემონტებდა. კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილეებს დაავალა, “გააკეთონ ყველაფერი, რაც მოახდენს აღნიშნული კომპანიის გაშავებას”.

“გოცირიძის” სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, თუმცა შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, რამდენიმე პრობლემას, რომელიც გამოსასწორებელია…

კომპანია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში აწარმოებდა სამუშაოებს, არის პრობლემური, უპასუხისმგებლო. შესაბამისად, არ ვთვლით საჭიროდ, რომ ამ კომპანიას [დავავალოთ] სამუშაოების გაგრძელება და არც იმაში ვართ დარწმუნებული, რომ კომპანია დეფექტების გამოსწორებას შეძლებს…

ყველა ის სამუშაო, რაც არის ჩასატარებელი და რაც არის გამოსასწორებელი, ჩვენვე გამოვასწოროთ. თანხები, რაც დაიხარჯება, სასამართლოს გზით მოთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას”, – თქვა კალაძემ.

პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს “კაიზენის” ფილიალმა დაიწყო. სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიამ უცხოური საწარმოს, შპს “კაიზენის” ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია, თუმცა სამუშაოების ნაწილი მაინც შეუსრულებელი დარჩა.

სადგურის რეაბილიტაციის პროცესში კი გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ბაქნის რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა. თბილისის მერიის კომპანიამ დაუსრულებელი და ახალი სამუშაოების შესასრულებლად შპს “სამშენებლო კომპანია მამისონი” ტენდერის გარეშე შეარჩია. 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო.

იტვირთბა....