საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს პასუხობს.
„ჩვენ არ ვაპირებთ სატელევიზიო ეთერებში განვიხილოთ საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მითუმეტეს, რაც ეხება სამედიცინო საკითხებს. ხვალიდან იწყება ექსპერტების დაკითხვა სასამართლო პროცესებზე. ეს საკითხები დასმული იქნება, მათ შორის, ურთქმელიძეცაა მოწმედ დაბარებული და იქ შეუძლია ისაუბროს ტოქსიკოლოგიურ საკითხებზე. თუმცა პირველი კითხვა, რასაც დავუსვამ მას იქნება ის, თუ რა იწვევს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ახლა სააკაშვილი იმყოფება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას აქვს 38 ტემპერატურა ყოველდღე. გაგვცეს ამაზე პასუხი, თერაპევტია და გვიპასუხოს. ამისთვის გამოყოფილია სასამართლო დარბაზი.
რაც შეეხება ურთქმელიძის განცხადებებს, ახლა მიდის პიარკამპანიები, უნდათ პიარით გადაიფაროს ეს თემები. ჩვენი მიზანი არაა პიარი, ჩვენი მიზანია ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამისთვის დანიშნულია სასამართლო პროცესი და სასამართლო პროცესზე იქნება კითხვები. პირველ რიგში, ხვალ უცხოელი ექსპერტები დაიკითხებიან“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
რაც შეეხება ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების საკითხს, ხაჭაპურიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ჩართავენ.
„მიყვანით ალბათ, არ მიიყვანენ, მაგრამ იმედია, ჩართავენ. დაბადების დღე მივულოცე, თუმცა საზეიმო განწყობაზე არაა ნამდვილად. ადამიანს აქვს 38 სიცხე, დღეს გაირკვა, რომ ტოქსიკოლოგი ჰყოლიათ. ვინ და რატომ, ეს მიხეილ სააკაშვილს არ ახსოვს. შეამოწმებინეს და ტოქსიკოლოგმა რაღაც რეკომენდაციები გასცა“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 31 მაისს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩაუტარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ყველა მაჩვენებელი იყო ნორმის ფარგლებში.