ანგარიში უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ მაგდა პაპიძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.
2015 წლის 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის #6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის #10 ოთახში მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის – უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი – 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.
შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების მიერ ქ.თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს წინ ნანახი იქნა ომარ ქაფიაშვილისა და თორნიკე ქაფიაშვილის გვამები. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილებს ტანთ ეცვათ ზამთრის სეზონისთვის შეუფერებლად. კერძოდ: ომარ ქაფიაშვილს ეცვა მხოლოდ სპორტული შარვალი, მაისური და წინდები, ხოლო თორნიკე ქაფიაშვილს მოკლესახელოებიანი მაისური, რეიტუზი და სპორტული შარვალი. ომარ ქაფიაშვილის გვამს ზურგზე აღენიშნებოდა სხეულის იატაკზე გათრევისათვის დამახასიათებელი კვალი. მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელ ოთახში, ანუ მკვლელობის უშუალო ადგილას, სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილი იყო იატაკი და ავეჯი. სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც იატაკზე, ოთახში არსებულ კარადაზე, მაგიდაზე, ტუმბოზე, საწოლზე, დივანზე და ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის მრავალი კვალი. სისხლის კვალი ასევე აღმოჩნდა ამავე ოთახიდან დერეფანში გასასვლელი კარის ჩარჩოზე და დერეფანში ქაფიაშვილის გვამის აღმოჩენის ადგილამდე, რაც მოწმობს იმას, რომ გვამის აღმოჩენის ადგილამდე ომარ ქაფიაშვილის სხეული გადაადგილებულია ოთახიდან და არა დერეფნიდან, როგორც ამას მაგდა პაპიძე უთითებს. ომარ ქაფიაშვილის სისხლი ასევე აღმოჩნდა მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა მარჯვენა საბურავზე და წინა მარჯვენა კარის კარნიზზე, რაც თავის მხრივ მოწმობს, რომ ბრალდებული ეცადა გვამის ავტომანქანაში ჩადებას, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო დაიწყო მაგდა პაპიძემ ყვირილი და თითქოსდა “საშველად” მოუხმო მეზობლებსა და დედამთილს.
გამოძიების მიერ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი – დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ. ურო. დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მაგდა პაპიძის ბიოლოგიური მასალა – დნმ, რაც ადასტურებს, რომ ურო სწორედ მაგდა პაპიძემ ჩაარტყა თავში მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, რაზეც ასევე მიუთითებს ნაგვის ურნიდან ამოღებული ომარ ქაფიაშვილის სისხლით გაჟღენთილი ბალიში. ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთმტკიცებებიც: ომარ ქაფიაშვილის სისხლით დასვრილი ზეწარი, პირსახოცი, სხვადასხვა საოჯახო ნივთი, ტანსაცმელი, მუყაოს კოლოფები, წიგნები და რვეულები, ანუ ყველა ის ნივთი, რომელიც ოთახში ომარ ქაფიაშვილის მკვლელობის დროს დაისვარა სისხლით. აღნიშნული ნივთები, კვალის წაშლის მიზნით, სანაგვე ურნაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ გადაყარა.
გამოძიების დაწყებიდან მალევე დადგინდა, რომ დანაშაულის იარაღი – ურო მაგდა პაპიძემ მაღაზიაში სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რასაც ადასტურებს როგორც მაღაზიის გამყიდველის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, ასევე ამოღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან – 5 წლის თორნიკესთან ერთად.
მეუღლისა და შვილის მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მაგდა პაპიძე შეეცადა კვალის წაშლას, კერძოდ, გაწმინდა იატაკი, ავეჯი, ნაგვის ურნაში გადაყარა სისხლიანი ნივთები და გვერდით მცხოვრები დედამთილის საცხოვრებელ ოთახში არსებულ სარეცხის მანქანაში გარეცხა სისხლით დასვრილი იმ დივანის გადასაფარებელი, რომელზეც თავში უროს ჩარტყმით მოკლა მწოლიარე მეუღლე. აღნიშნული გარემოება დადგენილია დედამთილის დარეჯან(ლილი) მინდიკაურის ჩვენებებით და მასთან სტუმრად მყოფი მოწმეების – ირინა მარქაროვის და ალა მარქაროვის ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ პაპიძემ დედამთილის ოთახიდან რამდენჯერმე გაიტანა “ტოლჩით” წყალი, ხოლო შემდეგ სარეცხის მანქანაში ორჯერ გარეცხა სარეცხი, მათ შორის დივანის გადასაფარებელი, რა დროსაც წყალმა ფერი იცვალა და გახდა მოვარდისფრო-მოწითალო ფერის.
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს გამოძიების მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებული მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი, რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ. დღიურში მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი:
“ურო (ნაჭრით გახვეული),
პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული
პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად.
წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი
ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ.
ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი
დიდი პარკები”
ხსენებული ჩანაწერის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ “ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობითა და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით. გვამს ზურგზე აღენიშნებოდა თრევის შედეგად განვითარებული ნაჭდევები”. რაც შეეხება 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს, მისი სიკვდილის მიზეზია “ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვით”, ანუ გაგუდვით. მაგდა პაპიძისათვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში.
ის ფაქტი, რომ მაგდა პაპიძემ მეუღლე მათსავე საცხოვრებელ ოთახში მოკლა, ასევე დადასტურებულია ომარ ქაფიაშვილის დედის დარეჯან (ლილი) მინდიკაურის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, საღამოს, როდესაც შევიდა შვილის ოთახში, ომარ ქაფიაშვილს ეღვიძა და იწვა დივანზე. აღნიშნული ოთახის დათვალიერებისას, მითითებული დივანის ქვედა სათავსოდან და მისი ზედაპირიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ომარ ქაფიაშვილის სისხლის ლაქები.
უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ მკვლელობის დღეს, გვიან ღამით, როდესაც დედამთილმა დარეჯან(ლილი) მინდიკაურმა მობილური ტელეფონის საშუალებით მაგდა პაპიძესთან მოიკითხა შვილი და შვილიშვილი, ბრალდებულმა მას განუცხადა, რომ ისინი უკვე მოდიოდნენ სახლში, არ ენერვიულა და დაეძინა. სატელეფონო კავშირის დროისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მამა-შვილის სიკვდილის დროის შედარებისას აშკარაა, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლე და შვილი ამ დროს უკვე მოკლული ჰყავდა.
მაგდა პაპიძის დის – ლანა პაპიძის ჩვენებით დადგენილია, რომ მაგდა პაპიძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ბოლო პერიოდში უკიდურესად აგრესიულად იყო განწყობილი მეუღლის – ომარ ქაფიაშვილის მიმართ. მისივე ჩვენებით, მკვლელობამდე რამოდენიმე დღით ადრე მაგდამ სთხოვა ჩაქუჩი. მაგდა პაპიძის დედის – ლიანა შამუგიას ჩვენებით, მათი სიძე – ომარ ქაფიაშვილი იყო მოსიყვარულე მამა და მეუღლე, მოკრძალებული, მშვიდი, გაწონასწორებული და რელიგიური ადამიანი, ხოლო თავად მაგდა ბოლო პერიოდში ნეგატიურად იყო განწყობილი მეუღლის მიმართ.
ამდენად, შემთხვევის ადგილის – მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი ოთახის დათვალიერებით, სადაც აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის დიდი რაოდენობით სისხლის კვალი; ამოღებული ნივთმტკიცებებით: ურო, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩენილია მხოლოდ მაგდა პაპიძის დნმ-ის კვალი; გარდაცვლილის სისხლით დასვრილი სხვადასხვა საოჯახო ნივთები, ზეწრები, სისხლიანი ნაჭრები და ბალიში; სამეურნეო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაგდა პაპიძე შვილთან ერთად და ხელში უჭირავს ურო; სამეურნეო მაღაზიის თანამშრომლის დაკითხვისა და ამოცნობის ოქმებით, რა დროსაც მაგდა პაპიძე ამოიცნო როგორც პირი, რომელმაც ურო შეიძინა; მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერით, საიდანაც დასტურდება მეუღლისა და შვილის მკვლელობის განზრახვა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რითაც დადგენილია ომარ და თორნიკე ქაფიაშვილის სიკვდილის დრო და მიზეზი; მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცის ჩვენებით, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა პაპიძის განწყობებთან დაკავშირებით, ომარ ქაფიაშვილის დედის – დარეჯან(ლილი) მინდიკაურის, მისი მეზობლების ირინა და ალა მარქაროვების ჩვენებებით, მობილური სატელეფონო კავშირის შესახებ ამოღებული ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით (გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჯაროვდება მტკიცებულებათა ნაწილი), დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დგინდება, რომ მაგდა პაპიძემ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლისა და შვილის განზრახ მკვლელობა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ედება ბრალი.