aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თოფაძე კომპრომატებს ამზეურებს: „ბევრი დანაშაული აქვთ ძმებ ბერძენიშვილებს ჩადენილი“

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავით ბერძენიშვილი კი აცხადებს, რომ თოფაძის ადგილი კოალიციაში აღარ არის

მმართველ კოალიციაში დაპირისპირება აქტიურ ფაზაში შევიდა. „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკურ“ პარტიებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია „მრეწველების“ ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა.

„თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამოანთქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე.  ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში“, – განაცხადა გოგი თოფაძემ საგაზაფხულო სესიაზე, სადაც გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

მისი ეს განცხადება კოალიციის წევრებმა გააკრიტიკეს, მათ შორის „რესპუბლიკური“ პარტიის წევრებმაც. როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, მას ეგონა რომ თოფაძე პარლამენტის წევრი აღარ იყო.

„სიმართლე გითხრათ, მე მეგონა, რომ ის აღარ იყო პარლამენტის წევრი, იმიტომ, რომ გვახსოვს, მან ეს განცხადება გააკეთა. გაუგებარი იყო მისი განცხადება, რაც ჩვენ გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ. ბოდიშის მოხდა ის თემაა, რომელსაც ვერავის დაავალდებულებ. ადამიანს, ან გაქვს განცდა რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი, ან არა. ამიტომ ვერავის აიძულებ ბოდიშის მოხდას“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, თოფაძემ 2015 წლის ბოლოს განაცხადა, რომ ის სადეპუტატო მანდატის დატოვებას მას შემდეგ აპირებდა, რაც ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობას დაასრულებდა.

“ვფიქრობ, ამ ეტაპზე სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდეც დავტოვო პარლამენტი, რათა ჩემი აზრი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, დაბრკოლება არ აღმოჩნდეს კოალიციის, მათ შორის, ჩვენი პარტიის მიზანმიმართულ ქმედებისთვის, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროს ნორმალური, მშვიდი ვითარება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ, როცა დასრულდება ჩვენი ფრაქციის მრავალწლიანი მუშაობა საქართველოს მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტზე. ეს კანონპროექტი გულისხმობს ჩვენი ბუნებრივი ბიომრავალფეროვნების დაცვას, რამაც საბოლოოდ უნდა დაუსვას წერტილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინტროდუქციას”, – აღნიშნა თოფაძემ 2015 წელს.

ხიდაშელის რეპლიკას თოფაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში კითხვითვე უპასუხა – „რა, ქალბატონი თინა დღემდე თავდაცვის მინისტრია?“, მისივე თქმით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, 2015 წლის ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

„ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა,“- განაცხადა გაზეთთან საუბარში გოგი თოფაძემ.

მოგვიანებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა თანაგუნდელი გოგი თოფაძე თავდაცვის მინისიტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა და მრეწველებს თოფაძისგან გამიჯვნა მოსთხოვა. რის შემდეგაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მაშინ თოფაძემ ბერძენიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

გუშინ კი გოგი თოფაძის განცხადებებს, მისივე თანაფრაქციელი გიორგი კახიანი გაემიჯნა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ ეთანხმება გოგი თოფაძის ბრალდებას, თინა ხიდაშელის მიერ, საგარეჯოში არჩევნების გაყალბების შესახებ და ამბობს, რომ მისი პოზიცია ფრაქციის სხდომაზეც გამოხატა. „მრეწველების“ ფრაქციის მდივანმა ზურაბ ტყემალაძემ კი განსხვავებული აზრის მქონე თანაგუნდელს, რადიკალური გადაწყვეტილების მიღება ურჩია.

როგორც „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რაკი, კულუარული ფორმებით თოფაძის კამპანიის შეჩერება არ მოხერხდა და მისი გაჩერება კულუარულად საჭიროდ არ ჩათვალეს, მზად არიან, ეს საკითხი კოალიციის პოლიტსაბჭოზე სერიოზულად განიხილონ.

„არჩევნების თემა შეგნებული ტყუილია და თემა თითქოს დახურულია, მაგრამ მთავარი სამიზნის, თინა ხიდაშელის წინააღმდეგ სჭირდებათ პარტნიორები და ამფსონები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე მის გარეთ, იმ ხალხს და იმ ძალებს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, რომლებიც ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ გამოდიან.

თინა ხიდაშელია ის მინისტრი, რომელსაც უკიდეგანოდ კარგი კონტაქტები აქვს. თინა რამდენჯერაც წავა ნატოში, საქართველოში მის წინააღმდეგ იმდენჯერ გამოსვლებია და შეგვიძლია, ამის სტატისტიკა დავდოთ. საგარეჯოს არჩევნები საბაბია, ანტიდასავლურობა კი, მათი ამოცანა. თოფაძის პოზიციები იმ ძალების პოზიციებს ემთხვევა, რომლებსაც საქართველოს დასავლური კურსი არ უნდათ“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, თოფაძეს კოალიციის დეკლარაციაზე ხელი მოწერილი კი აქვს, მაგრამ ჯერ მას დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს და შემდეგ მიიღეს, როცა თოფაძე ამბობს, რომ საქართველო ნეიტრალური უნდა იყოს და ნატო აგრესიული ბლოკია, ამით ის საქართველოს ხელისუფლების, ქართული სახელმწიფოს მსვლელობას ეწინააღმდეგება და სინამდვილეში მისი ადგილი კოალიციასა და ხელისუფლებაში არ არის.

„ბოლო ერთის წლის მანძილზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ის ხაზგასმით თავისივე ხელმოწერას ემიჯნება. მას ეს ხელმოწერა არაფრად უღირდა – პარლამენტში შემოსასვლელად მექანიზმი იყო, ხოლო ეს ჩვენთვის ცხოვრების მიზანია. რა ვქნათ, სხვადასხვანი ვართ და სხვადასხვანი 30 წლის წინაც ვიყავით. როცა თოფაძე ამბობს, რომ საქართველო ნეიტრალური უნდა იყოს და ნატო აგრესიული ბლოკია, ამით ის საქართველოს ხელისუფლების, ქართული სახელმწიფოს მსვლელობას ეწინააღმდეგება და სინამდვილეში მისი ადგილი ამ კოალიციასა და ამ ხელისუფლებაში არ არის.

ის, რომ მან თინა ხიდაშელზე ბევრი ცუდი სიტყვა თქვა, მიზანმიმართული შეტევაა ხიდაშელის მიმართ. ვითომ, თოფაძეს საგარეჯო აწუხებს, სინამდვილეში მას ის აწუხებს, რომ საქართველო ნატოს ძალიან მიუახლოვდა და ამ პროცესში წამყვანი ფიგურა თინა ხიდაშელია, რომელიც მთავარ პოლიტიკურ სამიზნედ არის ამოღებული“- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არ გამოვა, ფლირტი „პატრიოტთა ალიანსთან“ და ლევან ვასაძესთან გქონდეს და „რესპუბლიკურ პარტიასთანაც“ თბილი ურთიერთობა გინდოდეს. ბერძენიშვილის თქმით, კოალიციის დამფუძნებლები „რესპუბლიკელები“ არიან. – ასეთი განცხადება გააკეთა ფორ.ჯისთან ბერძენიშვილმა.

„გაგა კახიანს და პაატა კიკნაველიძეს მივმართე, მათ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ წევრები არიან, მაგრამ ამ ფრაქციაში იმისათვის არიან, რომ გოგი თოფაძეს ფრაქცია ჰქონოდა და თავმჯდომარე ყოფილიყო, თორემ ორივეს თანამდებობები აქვთ და მათ იმ ფრაქციის წევრობა არაფერში სჭირდებათ – „მრეწველების“ ფრაქციისგან არაფერი მიუღიათ. ორივე ძალიან კვალიფიციური და კარგი დეპუტატია. ტყემალაძე ანტიდასავლური გამოსვლებით არ გამოირჩევა და კოალიციურ ჩარჩოებშია. მას ჩემი გამოსვლა დღეს ეწყინა, მაგრამ მას ამის გამო არაფერს დავაბრალებ. გოგი თოფაძე პრობლემას პარტიას უქმნის. პარტიას და ფრაქცია ან თოფაძე უნდა გაემიჯნოს, ან პარტიისა და ფრაქციის იმ წევრებისთვის, რომლებისთვისაც დასავლური ღირებულებები ასე მნიშნელოვანია, პარტიას უნდა გაემიჯნონ. თუკი „მრეწველები“ გოგი თოფაძით არის, მაშინ ხალხმა უნდა იფიქროს, უნდა იყვნენ თუ არა „მრეწველები“ და თუ უნდათ „მრეწველები“ იყვნენ, იქნებ, თოფაძე პენსიაზე გაუშვან“ – განაცხადა ბერძენიშვილმა.

გუშინ კი „მრეწველების“ ლიდერმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში კიდევ ერთხელ გაიხსენა თინა ხიდაშელთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება და თქვა, რომ თავდაცვის მინისტრმა შეურაცხყოფა მიაყენა, მან კი პასუხი გასცა: „სანამ არ დამიწყეს შეურაცხყოფა და კბენა, კოალიციის არც ერთ წევრზე აუგი არ მითქვამს. მან მომაყენა შეურაცხყოფა და გავეცი პასუხი, თუ მას /ხიდაშელს/ მიაჩნია, რომ რამე არასწორი ვთქვი ამ არჩევნების მიმართ, შეუძლია მიჩივლოს”.

თოფაძე ასევე გამოეხმაურა ძმებ ბერძენიშვილების განცხადებებს, რომლებიც თინა ხიდაშელს გამოექომაგნენ და აღნიშნა, რომ არც თინა ხიდაშელს და არც ბერძენიშვილებს არ აქვთ უფლება ისეთი განცხადებები გააკეთონ, როგორიც გააკეთეს.

“ლევან ბერძენიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ არ ჰქონდეს, ის ასე აქტიურად არ ჩაერეოდა. მე 80-იანი წლების მის ძალიან სამარცხვინო ქმედებას მოგიყვანთ, როდესაც მისი თანაგუნდელები, რომლებიც პოლიტიკური საბაბით ერთად იყვნენ პატიმრები, როგორ ჩაუშვა, როგორც გაათავისუფლეს თვითონ “კაგებეს” თანამშრომლებმა და დანიშნეს სამსახურში და როგორ ჩააგდო ვახტანგ ძაბირაძე, ვახტანგ შონია და ზამბახიძე. ამის მერე მის ბიოგრაფიას აღარ მოვყვები. საჯარო ბიბლიოთეკაში რაც გააკეთა ეს კიდევ სხვა თემაა”, – განაცხადა თოფაძემ.

როგორც ამბობს, ის ამ შემთხვევაში აკრიტიკებს ძმებ ბერძენიშვილებს და თინა ხიდაშელს და არა მთლიანად “რესპუბლიკურ” პარტიას.

“მე არ ვლაპარაკობ “რესპუბლიკურ პარტიაზე”, მე ვლაპარაკობ პიროვნებებზე, ძმებ ბერძენიშვილებზე და თინა ხიდაშელზე. იქ არიან დადებითი პიროვნებებიც. მე ვლაპარაკობ სამეულზე, რომელთაც უფლება არ აქვთ ასეთი განცხადებები გააკეთონ. ბევრი დანაშაული აქვთ ძმებ ბერძენიშვილებს ჩადენილი და არ აქვთ მორალური უფლება ასე ხელაღებით ილაპარაკონ კოალიციის რომელიმე წევრზე”, – განაცხადა თოფაძემ.

„მრეწველების“ ლიდერის თქმით, ძმები ბერძენიშვილები იჩემებენ, რომ წამყვანები არიან კოალიციაში, სინამდვილეში მათი რეიტინგი საზოგადოებაში ძალიან დაბალია.

“ისინი სძულს საქართველოს მოსახლეობას. მურვან ყრუ რომ იყო, ისე არ სძულდათ, როგორც ისინი სძულთ. არ აქვთ მათ მორალური უფლება ასე ხელაღებით ილაპარაკონ კოალიციის რომელიმე წევრზე. არასოდეს მე, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებში არ ვეთანხმებოდი, სანამ არ დამიწყეს შეურაცხყოფა და კბენა, კოალიციის არც ერთ წევრზე უარი ან აუგი არ მითქვამს”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

„რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა კი თანაგუნდელ გოგი თოფაძის ბრალდებებს, facebook გვერდზე, მეთხუთმეტე საუკუნის ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის ლექსით უპასუხა:

„ტაეპი სიკვდილმისჯილი ვიიონისაგან თქმული

ფრანსუა ვარ, საქმე ხრაკი,

ვიბრიდები ხმარაკრაკი,

კიდეც ვნახავ ჩემი კისრით,

რას იწონის ჩემი ტრაკი.

(დავით წერედიანის თარგმანი)

ვითარება აშკარად ითხოვს „ფრანსუას“ შეცვლას ა-ზე დამთავრებული სხვა სამმარცვლიანი სახელით… ვარიანტები: „თენგიზა“, „ნუგზარა“, „გოგია“ და ა.შ.“- წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს კი არ ჰქონია, რომ „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის რაიმე პრობლემაა.

„მე არ მგონია, რომ რამე პრობლემაა რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის. ეს არ არის ასე. არის საკითხები კოალიციური რეჟიმში გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი და მე დარწმუნებული ვარ, კოალიციურ რეჟიმში ყველაფერი გადაწყდება და მოგვარდება, ისე, როგორც ეს დღემდე არაერთხელ მომხდარა და გადაწყვეტილა ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის ან პირის სასარგებლოდ“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

ასევე „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია ფიქრობს, რომ დაპირისპირება არა “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის, არამედ გოგი თოფაძესა და კოალიციას შორის, გოგი თოფაძესა და საქართველოს მთავრობას შორისაა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

„თუ რატომ არის ეს ასე, ამას ახლავე მოგახსენებთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ბატონი გოგის განცხადებები არის წინააღმდეგობრივი და მთელი ეთერის განმავლობაში, სადაც ის შეეხო ძმებ ბერძენიშვილებს და თინა ხიდაშელს, ეძღვნებოიდა იმას, რომ მას სურდა გადაეფარა და მიეჩქმალა ის ძირითადი თემა, რაზეც “რესპუბლიკელები” ვსაუბრობთ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ მისი სტრატეგია არის სწორედ რომ ანტისახელმწიფოერბრივი. ეს გამოიხატება იმაში, რომ ის დღეს უარყოფს მის მიერვე ხელმოწერილ დეკლარაციას, სადაც ცალსახად გვიწერია მესამე პუნქტში და შემიძლია გავაკეთო ციტირება ამ პუნქტის, სადაც მას აქვს ხელი მოწერილი: “კოალიციის მიზანია როდესაც ხელისუფლებაში მოვა, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და გააღრმაოს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაცია”. ხოლო როდესაც ის საუბრობს, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა, დარტყმის ქვეშ აყენებს დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიერ გაცხადებულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთია, ვინც თოფაძეს მხარი დაუჭირა. მისი თქმით, ამ პიროვნებას ჯანსაღი ანტინაციონალური და პროეროვნული სულისკვეთება აქვს და ამას ვერ დაუკარგავს.

“ე.ი რა გამოდის, იყო გულწრფელი, თუნდ პოლიტიკოსი ან და პარლამენტარი მიუღებელია და გამიჯვნასა და გარიყვას ექვემდებარება? თუ ხარ მედროვე, ყალბი, ყურმოჭრილი მონა, არ გაგაჩნია შენი აზრი, ან გაგაჩნია და არ გამოხატავ – ეს მეტად დასაფასებელია! დიახ, შეიძლება არ დავეთანხმოთ იმ ფორმებში, რა ფორმითაც ცდილობს ბ-ნი გოგი გამოხატოს ესა თუ ის შეხედულება, ან იდეა, ან თუ როგორ კიცხავს პრეზიდენტს, ან რესპებს, შეიძლება მისი პოლიტიკური წარსულიც არ მომწონდეს და მის ადგილს სულაც ვერ ვხედავდე პოლიტიკაში, თუმცა, ის რომ ამ პიროვნებას აქვს ჯანსაღი ანტინაციონალური და პროეროვნული სულისკვეთება ეს ცხადია! და ამას ვერ დავუკარგავთ!

არა,  ბიჭო, ის ყალბი “ტიპები” არიან უკეთესნი,  რომელსაც აზრი არ აქვთ და ვერ ჩამოყალიბებულან! სკამის და ფულის გამო აზრს რომ ვერ აფიქსირებენ,  ეგ არის უკეთესი?

დიახ, გულწრფელობა მირჩევნია სიყალბეს! დიახ, სოლიდარობა ბ-ნ გოგის!”- აცხადებს სადღობელაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, თუ რაიმე კითხვები აქვთ, სხვა ფორმატში განიხილონ. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, კოალიციის დაშლის შესახებ სალაპარაკო არ უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს უხარია.

ასე თუ ისე, თოფაძე უკვე აშკარად ეჩხირებათ ყელში მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. თუმცა, მეტი ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამის საბაბს თოფაძე, თავისი პრორუსული განცხადებებით, ყოველთვის აძლევდა მმართველ პარტიას. მიუხედავად პარლამენტის სპიკერის აკადემიური განცხადებისა, რომ როგორმე, დააშოშმინოს მხარეები, ჩანს, რომ დაპირისპირებას მთლად მშვიდობიანი დასასრული არ უნდა ჰქონდეს. არადა, პოლიტ-ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ასეთი ეკლექტიკური გაერთიანება დიდხანს ვერ გაქაჩავდა. კოალიციას აშკარად, ბზარები უჩნდება და თანაც როდის? – არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....