ახალი ამბები პოლიტიკა

,,ზვიად გამსახურდია არაფერს ჭამდა, ცუდად იყო… ამბობდა, მომწამლესო, თითქოს ლოდი მაქვს მუცელშიო…” – რატომ ავლებენ პარალელებს ორ პრეზიდენტს შორის

ბოლო დღეებში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ავლებს პარალელებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახლანდელ მდგომარეობაზე. სიცოცხლის ბოლო დღეებში ზვიად გამსახურდია ვერაფერს ჭამდა. ვერ ჭამს მიხეილ სააკაშვილიც. ზვიად გამსახურდიას ეჭვი ჰქონდა, რომ ის მოწამლეს და არსებობს ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.

1993 წლის დეკემბრის ბოლოს დევნილმა პირველმა პრეზიდენტმა ძველ ხიბულაში ღურწკაიების ოჯახს შეაფარა თავი მაშინდელ პრემიერ ბესარიონ გუგუშვილთან და დაცვის ორ წევრთან, რობიზონ მარგველანთან და ბაჩუკი გვანცელაძესთან ერთად.

-ცუდად იყო. ავად რომ გახდება კაცი, როგორ იქნება? მოტეხილი, მოხრილი. დათრგუნვილი ჩანდა. ოთახში იყო და არ გამოსულა. იმ ამბის შემდეგ გავთავდი კაცი. მაგრად მიყვარდა. ასე რომ არ მომხდარიყო, დღემდე შევინახავდი სახლში, – უთხრა კარლო ღურწკაიამ ,,რადიო თავისუფლებას”.

ამავე ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ საკუთარი თვალით პრეზიდენტი მხოლოდ ერთხელ ნახა – პირველ დღეს, როცა ეზოში შეეგება. საძინებელში საჭმელი მის მეუღლეს მიჰქონდა, თუმცა ზვიად გამსახურდიას არაფერი უჭამია. მხოლოდ უკანასკნელ ღამეს ერთი ჭიქა ჩაი ითხოვა.

რობიზონ მარგველანი იგონებს, რომ ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლო 10 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.

-ამბობდა, თითქოს მუცელში ლოდი მაქვსო, – განაცხადა მარგველანმა და იქვე  აღნიშნა, რომ გამსახურდია ამ დღეებში არც თავის მოწამვლის ფაქტს გამორიცხავდა: ,,პრეზიდენტი იმასაც ამბობდა, რომ არსებობს პრეპარატები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე მიღებიდან 3-4 თვის შემდეგ მოქმედებს და შეიძლება მომწამლესო” (გამოცემა GHN).

ზვიად გამსახურდიამ საქართველოს საზღვარი ,,უკანონოდ” გადმოკვეთა. ერთ-ერთი ვერსიით, ის საქართველოში შემოიტყუეს. ზვიად გამსახურდიას საგანგებო წარმომადგენელი საქართველოში, ოთარ უბილავა იხსენებს:

– 1993 წლის აგვისტოში ზვიად გამსახურდიამ ჩეჩნეთიდან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა – აფხაზეთში, ქართულ ფრონტებზე, სიტუაცია უფრო დამძიმდა და ასეთ დროს სამშობლოში ყოფნა არჩია. ამ გადაწყვეტილებაზე ზუგდიდში მყოფი მისი მხარდამჭერების დაპირებებმაც იმოქმედა, – საკმარისი ძალა გვყავს (დაახლოებით 20 000 კაცი) და შენი დაცვა არ გაგვიჭირდებაო…

სექტემბრის შუა რიცხვებში ზუგდიდში უზენაესი საბჭოს სესია გაიმართა. ორიოდე დეპუტატიღა შეეწინააღმდეგა ზვიადის საქართველოში ჩამოსვლას. იარაღშემართული სამხედროები სცენაზე აცვივდნენ და აყვირდნენ, – თქვენ ვინ გეკითხებათ, პრეზიდენტს ჩვენ დავიცავთო.

,,ტუ-34″, რომლითაც პრეზიდენტი 23 სექტემბერს თანმხლებ პირებთან ერთად სენაკში ჩამოვიდა, ლატვიიდან გამოგზავნეს. მაშინ, როცა რუსული მხარე ქართულ სივრცეში ჩიტს არ აჭაჭანებდა, პრეზიდენტის თვითმფრინავმა მშვიდობიანად გადმოლახა ჯერ რუსეთის, მერე საქართველოს საზღვარი და სენაკშიც მშვიდობიანად დაეშვა… იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსულმა მხარემ ისინი შეგნებულად გამოატარა…

ჩამოსვლის დღესვე პრეზიდენტმა ზუგდიდში მიტინგი ჩაატარა. 50 000 კაცი მოვიდა. მაშინ ამაყად უთხრეს, – ნახეთ, რამდენი კაცი დგას თქვენ გვერდითო. ამის მერე ზვიადის დაცვაზე არავის უზრუნია, პრეზიდენტი ფაქტობრივად დაუცველი იყო, ექვსიოდე მცველი ახლდა…

რუსების თამაშის შესახებ ეჭვს ისიც მიძლიერებდა, რომ ზვიადის საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოსკოვიდან ყოფილი გენერალური პროკურორი კოტე ფირცხალავაც დაბრუნდა (არადა, ქვეყანა თავზე გვენგრეოდა, ის კი მოსკოვში იჯდა მშვიდად). ფირცხალავა ზვიადს გვერდიდან არ შორდებოდა. საგულისხმოა, რომ პრეზიდენტის სიკვდილის შემდეგ მოსკოვში დაბრუნებული ფირცხალავა ცოტა ხნით დაიჭირეს, რამდენიმე თვის მერე მოსკოვის ოლქის საბაჟოს უფროსად დანიშნეს და გენერალ-ლეიტენანტის ჩინსაც ატარებს… (კვირის პალიტრა).

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის, რომ პირველმა პრეზიდენტმა თავი მოიკლა, საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა. მისი გარდაცვალება დღემდე ბურუსითაა მოცული.

-როცა მოკლეს ეგა [ზვიად გამსახურდია] ძაან მეწყინა. მოკლა იმან, ვინც გვერდზე ჰყავდა. შევარდნაძემ, რასაკვირველია, მარა თანამებრძოლები მოისყიდა და მოკლეს. ორი ტყვიით კაცი თავს არ იკლავს. თქვენ ბევრი რამე არ იცით. რომ წაიყვანეს ექსპერტიზაზე, ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ძაან საცოდავი იყო, – განაცხადა თენგიზ კიტოვანმა იაგო ხვიაჩიას გადაცემაში ,,პროცესი” .

იტვირთბა....