საზოგადოება

როგორ დიეტას უდგენდა პარიზელი მენეჯერი სალომე ღვინიაშვილს და როგორია მისი კვების რეჟიმი

მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ თავის მოვლის და სასურველი წონის შენარჩუნების შესახებ საუბრობს. ერთ-ერთი გამორჩეული გარეგნობის ქალბატონის საიდუმლო კი სწორ კვებასა და ფიზიკურ აქტიურობაშია. როგორც სალომე ღვინიაშვილი განმარტავს, თუ კვებას არ შევზღუდავთ, სასურველ შედეგს მხოლოდ ვარჯიშით ვერ მიიღებთ:

„ვცდილობ, ვივარჯიშო და თავს მოვუარო. პარიზში რომ მოვხვდი, ისეთი კონკურენცია დამხვდა, მივხვდი, თუ ძალიან გამხდარი არ ვიქნებოდი, უბრალოდ ვერ ვიმუშავებდი. ამიტომ მხოლოდ იოგურტს ვჭამდი. თბილისში ამის არ მეშინოდა. ანაზღაურებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული – როცა “ვიქტორია სიკრეტის” მოდელებს მილიონებს უხდიან, მათ აქვთ მოტივაცია, დღეში 6 საათი ივარჯიშონ. მილიონები რომ გადამიხადონ, მეც ასე მოვიქცევი.

პარიზში არამხოლოდ იოგურტი შედიოდა ჩემს მენიუში: პომიდორი, ყველი მოცარელა და ა.შ. მყავდა მენეჯერი, რომელიც მენიუს მიდგენდა. მაშინ ჩემს სხეულზე ზედმეტს ვერაფერს ვხედავდი და წონას განსაკუთრებულად არც ვაქცევდი ყურადღებას.

ფორმის შენარჩუნება არ არის ადვილი. ძალიან დიდი შრომა სჭირდება იმას, რომ კარგად გამოიყურებოდე. ქართველებს გენში გვაქვს მიდრეკილება მრგვალი ფორმებისკენ და განიერი თეძოებისკენ. თან ბოლო პერიოდში საკვებიც ცუდია, აღარ არის ისეთი ჯანსაღი, როგორიც თუნდაც ჩვენი ბებიების დროს იყო. ამიტომ კვებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. არის პერიოდი, როცა ყველაფერს ვჭამ, მაგალითად, ახალი წლის დღეებში, მაგრამ წლის განმავლობაში ჯანსაღი კვების რეჟიმს ვიცავ. ახლა მყავს პირადი მწვრთნელი, რომელიც მენიუს მიკონტროლებს. მერე თავადაც ხვდები, რა უნდა მიიღო და რა – არა. შიმშილი გამოსავალი არ არის. მეც დამიშვია შეცდომა – სამი დღე მიშიმშილია და მერე ჩვეულებრივად დამიწყია ჭამა. ეს ძალიან ცუდია. ამიტომ ვცდილობ, ჯანსაღი კვების რეჟიმს მივყვე – ბოსტნეული, ხორცი, ყველი და არავითარი ცხიმი, შემწვარი თუ ცომეული! რაც მთავარია, აუცილებელია ვარჯიში. ბევრი ფიქრობს, რომ ვარჯიშობს და ამიტომ, რაც უნდა, იმას შეჭამს, მაგრამ არა! სხეულის ფორმები 70–80 პროცენტით კვებაზეა დამოკიდებული. თუ არაჯანსაღად იკვებები, რაც უნდა ივარჯიშო და მასაჟები იკეთო, ცელულიტი მაინც გექნება. „-ამბობს სალომე ღვინიაშვილი.

იტვირთბა....