ახალი ამბები საზოგადოება

ხანდაზმულებს საცხოვრებელი პირობების გაუარესების მოლოდინი აქვთ – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მყოფი ხანდაზმულების სხვა დაწესებულებებში გადაყვანის პროცესს ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენი ინსტიტუციების გაუქმებისა და ხანდაზმულთა ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანის პროცესს მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პანსიონატში ბენეფიციართა მცირე რაოდენობის და იქ შექმნილი კარგი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ინსტიტუტის დახურვის შემდეგ, უზრუნველყოფილ იქნეს ხანდაზმულთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შენარჩუნება და არა მათი გაუარესება.

კერძოდ, განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები “თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს” 2022 წლის 18 ნოემბერს ეწვივნენ. ბენეფიციარებთან და დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

ხანდაზმულმა ბენეფიციარებმა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აგვისტოში შეიტყვეს, თუმცა მათთვის არავის უცნობებია მათი გადაყვანის კონკრეტული თარიღი. ხანდაზმულებს, მხოლოდ ნოემბერში ეცნობათ, რომ 1 დეკემბრამდე იგეგმება მათი შენობიდან გაყვანა და ამავე დროდან გაეთიშებათ დენი, წყალი და გაზი;
ბენეფიციარების განმარტებით, მათთან ფსიქოლოგს ინდივიდუალურად არ უმუშავია; სოციალურ მუშაკებთან გასაუბრებები კი ფორმალურად ჩატარდა, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თანდასწრებით. მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებულმა სტრესმა დაამძიმა მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე;
ამ ეტაპისათვის არსებული ინფორმაციით, ადგილი სადაც დაგეგმილია ხანდაზმულთა გადაყვანა, მოშორებულია დასახლებულ პუნქტს და მის მიმდებარედ არ არის გაჩერება, მაღაზია, აფთიაქი, სამედიცინო დაწესებულება. აღნიშნულის გათვალიწინებით ხანდაზმულებს აქვთ საცხოვრებელი პირობების გაუარესების მოლოდინი, რაც ასევე ამძიმებს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს”:

“თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში” მყოფ ხანდაზმულებთან გაწიოს რეალური ინდივიდუალური მუშაობა და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოს მათი ფსიქო-ემოციური მომზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის;
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში, ხანდაზმულთა გადაყვანა მოხდეს ისეთ დაწესებულებებში, სადაც დაცული იქნება ხანდაზმულთა მომსახურების სტანდარტები და ღირსეული ცხოვრების პირობები და არ დაუშვას მათი პირობების გაუარესება.

იტვირთბა....