უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს აღიარონ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად და თავიდან აიცილონ შემდგომი სამხედრო დანაშაულები.
„დღეს, უკრაინაში 1932-1933 წლების ჰოლოდომორის დაწყებიდან 90 წლისთავზე, რუსეთის აგრესიული გენოციდური ომის მიზანი არ განსხვავდება 1932-1933 წლების გენოციდის მიზნისგან. მათი მიზანი უკრაინელი ერის და სახელმწიფოებრიობის განადგურებაა.
კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმების გაგრძელებით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით, უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანით, რუსეთის ფედერაცია აწარმოებს ომს უკრაინული იდენტობის წინააღმდეგ“, – აცხადებენ სამინისტროში.
განცხადების თანახმად, სტალინის ეპოქის პოლიტიკური და იდეოლოგიური ნარატივები, კერძოდ, „მტრული დასავლეთის“ იმიჯი და უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის უარყოფა, ახლა განსაკუთრებით აქტიურად არის ხაზგასმული დღევანდელი რუსეთის ტოტალიტარულ პოლიტიკაში.
შეგახსენებთ, 24 ნოემბერს ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატამ, ისევე როგორც მოლდოვის პარლამენტმა, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს.